პრემიერ-მინისტრი თურქეთში ჩავიდა - ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში, კერძოდ, ჰათაის პროვინციის ქალაქ ანტაქიაში გაემგზავრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ანკარის ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში ანკარის გუბერნატორის მოადგილე მურათ სოილუ, ანკარის მერის მოვალეობის შემსრულებელი სერჯან ჩიღგინი, ანკარის ჟანდარმერიის სარდლობის უფროსის მოადგილე უღურ ურჰანი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი გოქჰან თურანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა დახვდნენ.
პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება სტიქიის ზონაში, კერძოდ, ჰათაის პროვინციის ქალაქ ანტაქიაში.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს ადგილზე ექნება შეხვედრები როგორც ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, ასევე სხვა ოფიციალურ პირებთან.