"ადამიანის გვამი არ არის, ბავშვს ღებინების შეგრძნება ეწყება, საშინელება ხდება" - უცნაური ამბავი, რომელიც ვარკეთილში ხდება
palitravideo თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარეს და ვარკეთილის მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძეს დაუკავშირდა. როგორც დეპუტატი გვიდასტურებს, სადარბაზოში ნამდვილად არის მძაფრი სუნი და პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.
ვარკეთილის მესამე მასივის მეოთხე კვარტლის მე-12 კორპუსის მცხოვრებლების ჩივილების გრძელ სიას ახალი პრობლემა შეემატა. ადგილობრივებს ერთ კვირაზე მეტია, რაც გაუსაძლის სუნში უწევთ ცხოვრება.
მძაფრი და მკვეთრი სუნის გამო კორპუსში გადაადგილება რთულია. 10 დღეზე მეტია, რაც ადგილობრივები სხვდასხვა უწყებას დახმარების მიღების თხოვნით მიმართავენ. რა შეიძლება იყოს სარდაფში, ვერსიები მრავალფეროვანია.
კრიზისულ სიტუაციებში მოქალაქეები მაშველ რგოლად 112-ს მიიჩნევენ, ამ შემთხვევაში კი საზოგადოებრივი მართვის ცენტრმა დახმარება ვერ შეძლო. მათი ვერსიით, სარდაფში გარდაცვლილი ცხოველია, თუმცა ტერიტორიის გასუფთავება მათი პრეროგატივა არაა.
არაჰიგიენურ სადარბაზოსთან ერთად, ადგილობრივები ამორტიზებულ კიბეებსა და ავარიულ შენობაში ცხოვრებაზეც ჩივიან. ნაწილი გასახლებას და ჩანაცვლების პროექტის დაწყებას ითხოვს.
2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით, სამგორის რაიონში, მათ შორის, ვარკეთილში, 253 ავარიული შენობაა.
დედაქალაქში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა მიმდინარე წელს ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამისთვის წელს მერიის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. ჯერჯერობით უცნობია, მოხვდება თუ არა ჩანაცვლების პროგრამაში მოცემული კორპუსი.