"სიგიჟე ხდება ქუთაისში" - რა კადრებს აქვეყნებს მარიკა ბაკურაძე?
ქუთაისის აეროპორტიდან ბერლინში Wizz Air-ის რეისით თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა, მათ შორის ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი მარიკა ბაკურაძეა, რომელიც სოციალურ ქსელში კადრებს აქვეყნებს.
მისი ინფორმაციით, დიდთოვლობით გზაზე შექმნილი პრობლემების გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრები ვერ ჩავიდნენ დათქმულ დროს აეროპორტში.
როგორც მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს, მგზავრები აეროპორტში 5:39 საათზე შევიდნენ, ფრენა 6:15 საათზე იყო, აეროპორტში კი მათ უთხრეს, რომ რეგისტრატურა 3 წუთის დაკეტილი იყო. ტელეწამყვანის ცნობით, თვითმფრინავი 7 სთ-ზე გაფრინდა, საათი და 20 წთ-ის განმავლობაში კი არავინ აღმოჩნდა პასუხისმგებელი პირი, რომ 87 ადამიანი დაერეგისტრირებინა.
"სიგიჟე ხდება ქუთაისში. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ვინ არის ამ ორ ორგანიზაციაში საკონტაქტო? თოვლის გამო ავტობუსი გაიჭედა რიკოთზე, 87 ადამიანმა 3 წთ დაიგვიანა რეგისტრაციაზე. მხოლოდ რეგისტრაციაზე. თავად ფრენა 1 საათით გადაიდო, თვითმფრინავი იდგა და მგზავრები რეისზე არ დაგვიშვეს.
მეორედ მოსვლა ხდება ამ წუთას ქუთაისის აეროპორტში. კაციშვილი პასუხისმგებელი არ არის. არავინ პასუხს არ აგებს. დაცვა და რამდენიმე უპასუხო თანამშრომლის მეტი ხმას არ იღებს. ხალხი დაგვტოვეს უპასუხოდ, ურეოსოდ, ჰაეში და არც ერთი ორგანიზაციიდან არავინ კომპეტენტური არ ჩანს რადგან.
ვინ აგებს ამ საქმეზე პასუხს? აეროპორტების გაერთიანების პიარს, ვინმე წივწივაძე და ბარამიძეს ვურეკავ. წივწივაძე ამბობს მე არ მეხებაო და ტელეფონს მითიშავს. რა ხდება ასეთ დროს? აი, ასეთი პასუხისმგებლიანი თანამშრომლები ჰყავს ქუთაისის აეროპორტს" - წერს მარიკა ბაკურაძე.
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მგზავრებმა რეისზე დააგვიანეს, თვითმფრინავი კი მათ ვერ დაელოდებოდა.