“ეს მოხდა დილის 4:16 წუთზე, როცა ყველაზე მაგრად სძინავს ადამიანს; მეათე სართულზე ვიყავით... კარი ჩაგვეკეტა, თორემ ალბათ კიბეზე ჩავირბენდით, იქ კი ნამდვილად მოვკვდებოდი“ - რას იხსენებს ჰათაიში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა
თურქეთში, ჰათაიში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ირინა ბზიშვილი მიწისძვრის დამანგრეველ შედეგებს სასწაულებრივად გადაურჩა:
“გუშინ ჩამოვედით სტამბოლში და კარგად ვარ ახლა. დავბინავდი ოჯახში. აქ არაფერი გამიჭირდება უკვე, რადგან გამოვაღწიე იმ საშინელებას უვნებელი. მადლობა უფალს, ცოცხალი გადავრჩი.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებით, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებს, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ, ვინც მომიკითხეთ, მირეკავდით და ჯერ კიდევ ზარები არ წყდება, დახმარებას მთავაზობთ. არასდროს გაგჭირვებოდეთ, მშვიდობა და მხნეობა მოგცეთ უფალმა.
მე მართლა მჯერა, რომ უფალმა გადამარჩინა. ეს მოხდა დილის 4:16 წუთზე, როცა ყველაზე მაგრად სძინავს ადამიანს. თითქოს რაღაც ვიგრძენი, უცბად წამოვდექი და კიდევაც დაიწყო ბინამ ზანზარი.
მეათე სართულზე ოთხნი ვიყავით. ყველას ცალ-ცალკე ოთახში გვეძინა. კარებისკენ როგორც კი გამოვიქეცი, ჩემი საწოლის თავზე კედელი ჩამოინგრა. წუთ-ნახევარი გაგრძელდა. აღარაფერი დარჩა ადგილზე. გარეთ გასასვლელი კარები ჩაიკეტა. მაგაზეც მადლობელი ვარ, ის კარი რომ ჩაგვეკეტა, თორემ შიშით ალბათ კიბეზე ჩავირბენდით. აი, იქ კი ნამდვილად მოვკვდებოდი. მაღლიდან ბეტონები ცვიოდა.
ჩემი თავი საშინელ ფილმში მეგონა. დახმარებას არ ველოდით იმ წუთში არავისგან, რადგან ქალაქში სინათლე გათიშულია, აღარაფერი ჩანდა წყვდიადში. ჩვენთან გენერატორი ჩაირთო და კიდევ იმედიანად ვიყავით.
გარედან საშინელი წივილის ხმა ისმოდა. ზღვის პირზე ვიყავით, ცენტრალური ქუჩა გადის. გამიკვირდა, მანქანებიც რომ არ ჩანდა. რას დავინახავდით, თურმე ზღვა გადმოსულა და იქით აღარავინ გარბოდა. საათ-ნახევარი მაინც ალბათ, ზუსტად არ მახსოვს, ჩემი პატრონის ძმისშვილი მოვიდა და კარები შემოამტვრია, ისე გამოვედით. ტანსაცმელიც ვერ ავიღე, სადაც მქონდა დაწყობილი, ის კამოდი უკუღმა ეგდო. ვეცადე აწევა, მაგრამ ვერ დავძალე.
ვიღაცამ მომწერა, ყოჩაღ, რომ უკან შეხვედი და ვიდეო გადაიღეო. უკან კი არ შევედი, ვერ გამოვდიოდი და ვიდეოს კანკალით ვიღებდი. არავის ვუსურვებ ასეთ სიტუაციაში მოყოლას. გფარავდეთ უფალი ყველას. უღრმესი მადლობა კიდევ და კიდევ. მიყვარხართ ყველა, ვინც კი ამ დროს არ დამტოვეთ უყურადღებოდ. უფალი გფარავდეთ“ - იხსენებს ირინა ბზიშვილი.