"ბადრი ესებუა "გამოაგდეს", ე.ი. სააკაშვილზე პროტესტის გადაფარვა უნდათ, ტყუილია" - თამარ ჩერგოლეიშვილი
"ბადრი ესებუა "გამოაგდეს", ესე იგი, სააკაშვილზე პროტესტის გადაფარვა უნდათ (სასოწარკვეთილები) - ტყუილია, სააკაშვილზე პროტესტი არ არსებობს და გადასაფარიც არაფერია" - ამის შესახებ "ტაბულას" დამფუძნებელი, "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "ევროპული საქართველოს" ამოცანა ამ ტყუილების ნიაღვარში სიმართლის ხმის ადამიანებამდე მიწვდენაა.
"ჩემი (ჩვენი) ამოცანა ამ ტყუილების ნიაღვარში, მოქალაქეებამდე სიმართლის მიწვდენაა, იმიტომ, რომ მჯერა, ინფორმირებული არჩევანი საუკეთესო არჩევანია.
რამდენიმე მაგალითი:
ამერიკა ომში გვითრევს ("ქოცები") - ტყუილია, დასავლეთთან იზოლაციის ზიანს ანეიტრალებენ შიშის კულტივაციით;
ბადრი ესებუა "გამოაგდეს", ესე იგი, სააკაშვილზე პროტესტის გადაფარვა უნდათ (სასოწარკვეთილები) - ტყუილია, სააკაშვილზე პროტესტი არ არსებობს და გადასაფარიც არაფერია;
"ნაციონალურ მოძრაობაში" დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა (ნაცები) - ტყუილია, ჩრდილოვანი არჩევნები ჩატარდა კეზერაშვილის და მერაბიშვილის ორკესტრირებით და დემოკრატიასთან ამ პროცესს ახლოს არ ჩაუვლია;
საპარლამენტო ბოიკოტი რომ დავიწყოთ, EPP-დან გაგვყრიან ("ნაცები") - ტყუილია, არავინ პოლიტპატიმარი სააკაშვილის პარტიას ბოიკოტის გამო EPP-დან არ გააგდებს, უბრალოდ სტატუსის დაკარგვა არ უნდათ და მიედ-მოედებიან
ერთიანი სია გამორიცხულია (სამეული) - ტყუილია, ერთიანი სიის გარეშე ერთობა პროპორციულ სისტემაში ოქსიმორონია, უბრალოდ ცუდად წარიმართა ნაცებში არჩევნების პროცესი, ახლა ძალიან დაზიანდებიან ერთიანი სიის იდეით და თვალთმაქცობენ - სინამდვილეში ნაცები და სამეულის ერთიანი სიაა დაგეგმილი და მაგ ბოდიალის ერთადერთი მიზანი არის ერთიანი სია.
მერაბიშვილი მიუღებელია, სააკაშვილი და კეზერაშვილი მისაღები (ხოშტარია) - ტყუილია, უბრალოდ კეზერაშვილს ფული აქვს, სააკაშვილს პოლიტიკური წონა, მერაბიშვილს - არაფერი. ამასთან მერაბიშვილი ბაბლს ეზიზღება, მაშინ, როცა ბაბლი ფორმულაში კეზერაშვილთან მუშაობს - ანუ სიტუაციური თვალთმაქცობაა ჩვეულებრივი, რომელიც არანაირ ღირებულებას არ ემყარება.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ დიდი ტყუილების, რასაც პოლიტიკური ელიტა მოქალაქეებს აკადრებს, იმიტომ, რომ ჩლუნგი ჰგონია ხალხი.
მოკლედ, ჩვენი ამოცანა ამ ტყუილების ნიაღვარში სიმართლის ხმის ადამიანებამდე მიწვდენაა", - წერს ჩერგოლეიშვილი.