თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 4 300-ს გადააჭარბა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 2 921 ადამიანი დაიღუპა და 15 834 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია კატასტროფების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოტქაიმ განაცხადა, რომ დანგრეული შენობების ნანგრევებიდან 7 840 ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს.
ამასთან, მიწისძვრას სირიაში, სულ მცირე, 1 444 ადამიანი ემსხვერპლა. ეს ნიშნავს, რომ დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ახლა 4 365-ს მიაღწია.
ამასთან, შესაძლოა, დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ცნობისათვის, რამდენიმე საათის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, რვაჯერ გაიზარდოს.
შეგახსენებთ, გუშინ დილით თურქეთის ქალაქ გაზიანთეფთან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამჟამადაც გრძელდება.