თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი, ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.5 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ გოლბასის მახლობლად დაფიქსირდა.
ამასთან, საფრანგეთში დაფუძნებული ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის შეფასებით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.6 მაგნიტუდა იყო.
თურქეთში გუშინ დილით მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მინიმუმ 100 ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა სიმძლავრე მინიმუმ 4.0 მაგნიტუდა იყო, - ამის შესახებ შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური იუწყება.
მათივე განმარტებით, დროის გასვლასთან ერთად, ბიძგების სიხშირე და სიდიდე მცირდება, თუმცა 5-6 მაგნიტუდის და მეტი სიმძლავრის ბიძგები კვლავ მოსალოდნელია.
შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისქვეშა ბიძგები მუდმივ საფრთხეს უქმნის სამაშველო ჯგუფებსა და გადარჩენილებს.