უკრაინის რადამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მსოფლიოს პარლამენტებს მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
უკრაინის რადამ კენჭი უყარა და დაამტკიცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელობის რეზოლუცია, სადაც ისინი მოუწოდებენ მსოფლიოს პარლამენტებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს.
მანამდე კი, დღესვე, 6 თებერვალს, უკრაინის რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტმა განიხილა რეზოლუციის პროექტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
აღნიშნული დადგენილების პროექტი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ დაუყოვნებლივ გადაყვანას ეხება. ის 3 თებერვალს დარეგისტრირდა. ამ პროექტის ინიციატორი დეპუტატი ელენა შულიაკია.
კანონპროექტის განხილვის შედეგების საფუძველზე კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, გაუწიოს მას რეკომენდაცია, რომ რადამ აღნიშნული რეზოლუციის პროექტი შეიტანოს სესიის დღის წესრიგში და მიიღოს ის ტექნიკური და სამართლებრივი ცვლილებების გათვალისწინებით.