“ძალიან ვბრაზდები!.. სიმართლეს გეუბნებით გეოლოგები, სეისმოლოგები!“ - რას წერს თეა გოდოლაძე თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შესახებ
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შესახებ წერს:
“დაახლოებით, ერთი წუთი გრძელდებოდა რყევა. დიდი მიწისძვრაა და შესაბამისად, რყევის ხანგრძლივობაც დიდია.
კადრების მიხედვით, ერთად მდგარი რამდენიმე სახლიდან ზოგი დანგრეულია, ზოგი არა. ეს არის მშენებლობის ხარისხი და ძალიან ვბრაზდები ამ დროს, ძალიან...
ახლა ვლაპარაკობდი ჩემს კოლეგებთან აქ, ამერიკაში! გადაწყვეტილების მიმღებებო, პოლიტიკოსებო! მე კი არ ვარ რთული საურთიერთობო ქალი, როგორც ზოგიერთი თქვენგანი ამბობს! სიმართლეს გეუბნებით გეოლოგები, სეისმოლოგები! ასეთი მიწისძვრები ხდება ამ რეგიონში და ასეთი შედეგი დგება, როდესაც შენობა და ინფრასტრუქტურა არ ვარგა!
მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!“ - წერს გოდოლაძე. კომენტარებში კი აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ვითარება საქართველოში საგანგაშოა.
“მაგხელა რომ თბილისში ან ბათუმში მოხდეს, დომინოს ქვებივით წავწვებით.ღმერთმა დაგვიფაროს“ - წერს “ფეისბუქის“ მომხმარებელი, რაზეც სეისმოლოგი პასუხობს:
“არაა საჭირო მაგხელა მაგნიტუდა, 6-იც გვეყოფა.“