"ნაწამებია, რას მიბრმავებენ თვალებს?! ვინ სცემა?! ვინ მომიკლა შვილი?!" - ტრაგედია გორში... ბათუმში სამუშაოდ წასული 42 წლის ქალი პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა
გორში ახალგაზრდა ქალს გლოვობენ. ბათუმში, სამუშაოდ წასული 42 წლის დალი ელიზბარაშვილი პოლიციამ გარდაცვალი იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალის სიკვდილის პირველად მიზეზად სუიციდს ასახელებს, ოჯახს კი ოფიციალური ვერსის არ სჯერა.
პროკურატურისს ცნობით, ნათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.
"მოცემულ ეტაპზე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც ბრალდება ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ 26 იანვარს, ქ. ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში , ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს.
სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ მომხდარი ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში. 26 იანვარს, დილის საათებში, მომხდარი ძალადობიდან რამოდენიმე საათის შემდგომ, ქალი ზემოთხსენებულ სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 27 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება თავდაპირველად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება ამ ეტაპზე ძალადობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. აქტიურად მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ვიდეო: "მთავარი არხი"