"მილიმეტრებში ასცდა, რომ არტერია არ გაუგლიჯა ბავშვს" - დუშეთში 12 წლის ბავშვი ძაღლმა დაგლიჯა
დუშეთში 12 წლის ბავშვი ძაღლმა დაგლიჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბავშვის დედა ავრცელებს.
„დღეს 12 წლის შვილი დამიგლიჯა დუშეთის კინოსთან ძაღლმა. ეს პოსტი არ დამიდო ერთ-ერთი ჯგუფის ადმინმა. ეს მერამდენე შემთხვევა ყოფილა ამ ძაღლისგან. იმ ფოტოს ვერ დავდებ, რეალურად როგორცაა გამოგლეჯილი. ძალიან მაინტერესებს ამ დუშელი ხალხისგან, ვინც დადის და ამ მათხოვარ, ძუნგალ ძაღლებს აჭმევს და ლამის პირში ტენიან ხელს, იმათი ოჯახის წევრს ან შვილს რომ დაემართოთ, ესიამოვნებათ?
მილიმეტრებში ასცდა, რომ არტერია არ გაუგლიჯა ბავშვს..." - წერს ბავშვის დედა სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში და დაშავებული ბავშვის ფოტოს აქვეყნებს.
აღნიშნულ პოსტს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"...გუშინ 12 წლის ბავშვის გამწარებულმა დედამ დაწერა პოსტი ჯგუფში, რომელსაც შვილი კინაღამ ძაღლმა მოუკლა. საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა. კომენტარებში ძაღლს უფრო მეტნი იცავთ, ვიდრე 12 წლის ბავშვს. ჰო, პოსტში არის სიტყვები, რომელიც არ უნდა ეწეროს, მაგრამ ყველამ საკუთარი თავი წარმოიდგინეთ ამ გოგოს ადგილას, გამწარებული დედაა. მე ჯერ ადამიანი მიყვარს და შემდეგ ცხოველები, მეც მყავს შვილები და შევდივარ ამ გოგოს მდგომარეობაში. აქვე მინდა დავწერო, ძალადობის მომხრე არ ვარ! მართლაც ძალიან დიდი პრობლემაა დუშეთში ამდენი უსახლკარო ძაღლები რომ არიან. ვინც დედას ლანძღავთ და ძაღლს იცავთ, რომელიმემ მოიკითხეთ ბავშვის მდგომარეობა? პატივი ეცით ერთმანეთს, 12 წლის ბავშვზეა ლაპარაკი, ხალხო...
...ადამიანები ასეთები ვართ, სანამ საკუთარ თავზე არ ვიწვნევთ, იქამდე ვერ გავითავისებთ გამწარებული დედის მდგომარეობას. ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ როგორც თქვენ თქვით, ჯერ ადამიანი მიყვარს. იმ გოგოს ადგილას ალბათ, საკუთარი ხელით მოვკლავდი იმ ძაღლს...
...საშინელებაა, რაც დუშეთში ხდება. ამდენი უპატრონო ძაღლია ქუჩაში და კაცს შიშით ვერ გაუვლია. ბავშვის გასეირნება ხომ ზემეტია. არ გამოხტეთ ახლა ცხოველთა ვითომ დამცველები. ცხოველები არც ჩვენ გვძულს და თუ ეგრე შეგტკივათ გული, შეიკრიბეთ, მიდით ქალაქის მერიაში და მოითხოვეთ, რომ რამე მოუხერხონ ამ ძაღლებს. და ბოლოს ერთსაც გეტყვით, იცი, როგორი დუშეთის დანახვა მენატრება? დილით, შუადღისას და საღამოს ადამიანი ქუჩაში თამამად რომ გადიოდა სასეირნოდ თუ საქმეზე. თქვენ ვინც იცავთ ძაღლებს, გეტყობათ, ფეხით არ გიხდებათ სიარული. გადმობრძანდით მანქანებიდან, ქალბატონებო და ბატონებო და ნახეთ, რა ხდება. ყველას ხომ არ ჰყავს მანქანა. ან სულ მანქანით რატომ უნდა ვიაროთ იმის შიშით, რომელიმე ძაღლის მსხვერპლი არ გავხდეთ...
...ამ ყველაფერს სახელმწიფომ უნდა მიხედოს, მაგრამ გვყავს ჩვენ სახელმწიფო? გამწარებული ადამიანი რას დაწერს, არავის საქმე არ არის. თუ გეცოდება ცხოველები, მაშინ დააპურე, რომ არავის უკბინოს. ეს ჩუმად გააკეთე და არა ხალხის დასანახად...
...აი, ასეთი დამოკიდებულება რომ გაქვთ, ქალბატონო, ზოგადად ცხოველების მიმართ, მიტომ დაგემართათ ეგ... თორემ თვითონ ამბობთ, ლამის ხელით აჭმევენო და მათ რატომ არ უკბინა? და ბოლოს, ზუსტად მასეთმა დამოკიდებულებამ გააბოროტა ძაღლები, უსულგულო ადამიანები ყრიან გარეთ, ტოვებენ მშიერს და გაყინულს და მერე უკვირთ, რატომ უკბინათ...
...ნამდვილად საშინელებაა, რაც მოხდა და ისიც, რომ უამრავი მიუსაფარი ძაღლია ქუჩებში, მაგრამ პრობლემის რეალურ მიზეზს ვერ ხვდება ეს ხალხი თუ არ უნდა, რომ მიხვდეს. ძაღლის ყოლა ჯერ რომ უნდათ, შემდეგ აღარ და ყრიან ასე ქუჩებში, ან ლეკვები რომ არ უნდათ და ტოვებენ ნაგავსაყრელზე და ასეთ ადგილებში, აქაც ცხოველია დამნაშავე?! ან თუნდაც პატრონებს ძაღლები ქუჩაში ყოველგვარი უსაფრთხოების წესების დარღვევით რომ გამოჰყავთ, აქაც ძაღლია ალბათ, დამნაშავე. ადამიანი ვითომ აღმატებული რომ ხარ ცხოველზე და მეტი ჭკუა რომ უნდა გქონდეს წესით, იმდენი არ იცი, რომ ცხოველზე თუ იღებ პასუხისმგებლობას, ბოლომდე უნდა აიღო და დღეს მინდა და უი, ხვალ აღარ მინდა - ასე არ გამოვა...
...ძაღლის დაცვა არაფერ შუაშია. ნამდვილად ცუდი ფაქტია, რომ ბავშვს უკბინა, მაგრამ ქალბატონი თავისი პირით ამბობს, ხალხი კვებავს ძაღლებს და პირში ტენიან ხელსო. ანუ რა გამოდის, რომ ძაღლი არ კბენს ადამიანებს უმიზეზოდ, ხომ?
...ძალიან სამწუხაროა, მაგრამ თქვენს შვილებს ცხოველის სიყვარული ასწავლეთ. თუ არ მოეფერება, ნურც ავნებს რამეს. დარწმუნებული ვარ, ბავშვი იქნება დამნაშავე, რადგან ძალიან ბევრჯერ მინახავს და ბევრჯერაც მიჩხუბია, დაწოლილ ცხოველს როგორ ექცევიან. ასე რომ, მერე ნუ გიკვირთ, ცხოველი რომ რამეს დაუშავებს..." - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.