loader

სიახლე, რომელიც მეტროსადგურებში ამოქმედდება - ახალი გადაწყვეტილება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიახლე, რომელიც მეტროსადგურებში ამოქმედდება - ახალი გადაწყვეტილება

EBRD-ის მიერ გამოყოფილი სესხით, 12 მეტროსადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ამასთან, რამდენიმე მეტროსადგურის შესასვლელში მარტივი გადაადგილებისთვის დახრილი ლიფტები დამონტაჟდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ განუცხადა, დახრილი ლიფტები დამონტაჟდება შემდეგ სადგურებზე: „გურამიშვილი“, „სარაჯიშვილი“, "სადგურის მოედანი 3“ , „სადგურის მოედანი 2“ და „წერეთელი“. დახრილი ლიფტებით სარგებლობას შეძლებენ შშმ პირები, ორსულები და მოხუცები, რათა მარტივად შეძლონ გადაადგილება.

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომლებიც გულისხმობს 50 მილიონ 600 ათასი ევროს ოდენობით სესხის გამოყოფას, ამასთან, 5 მლნ ევრო არის გამოყოფილი გრანტის სახით EBRD-ის მწვანე კლიმატური ფონდის მიერ.

პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია. ესენია - მეტროსადგური „სარაჯიშვილი“, „წერეთელი“, „გურამიშვილი“, „ისანი“, „რუსთაველი“, „თავისუფლების მოედანი“, „სადგურის მოედანი 1“, „სადგურის მოედანი 2“, „ღრმაღელე“, „მარჯანიშვილი“, „ნაძალადევი“ და „300 არაგველი“. სრული რეაბილიტაცია გულისხმობს ესკალატორების და ელექტრომექანიკური დანადგარების პანელების შეცვლას, მგზავრთა ინფორმაციის შეტყობინების სისტემის განახლებას, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაც იცვლება, სადგურებზე უწყვეტი კვების რეჟიმიც შეიცვლება, ესკალატორებიდან ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით განხორციელდება სპეციალური პროექტი.

მოხდება სადგურის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მათ შორის, რამდენიმე მიწისქვეშა სადგურის შესასვლელში, კერძოდ: „გურამიშვილი“, „სარაჯიშვილი“, სადგურის მოედანი 3“ , „სადგურის მოედანი 2“ და „წერეთელი“, დამონტაჟდება დახრილი ლიფტები. გარდა ამისა, შეიცვლება სადრენაჟე სისტემა, მოხდება ტექნიკური ხელსაწყოების შეძენა.

ამ ეტაპზე EBRD-ის მიერ სპეციალური ექსპერტ-კონსულტანტების შერჩევა მოხდება, რომლებიც დაიწყებენ პროექტის კონცეპტუალურ დიზაინს. როგორც კი მორჩებიან კონცეპტუალური დიზაინის შედგენას, დაგვეხმარებიან ტენდერების გამოცხადებაში, რაც გულისხმობს ახალი პროექტების და სამშენებლო სამუშაოების ტენდერებს“ ,- აღნიშნავს თამაზ რობაქიძე.