მაგდა პაპიძე საპატიმროში არსებული პირობების გაუმჯობესებას ითხოვს - რას ამბობს მსჯავრდებულის ადვოკატი?
"მაგდა პაპიძემ ჩვენს ორგანიზაციას გასული წლის მიწურულს მოგვმართა თხოვნით, რომ დაგვეცვა მისი უფლებები, რათა საპატიმროში არსებული პირობები გაუმჯობესდეს" - ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტმა ეკა ქობესაშვილმა "AMBEBI.GE" - ის განუცხადა.
"ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ შედეგს. შვიდი წელია სამარტოო საკანში იხდის სასჯელს. ცხოვრობს პატარა საკანში, მას შეზღუდული აქვს მოძრაობისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლება, მხოლოდ ერთ საათს ატარებს ჰაერზე, რომელიც ასევე პატარა, ბეტონის საკანია, უბრალოდ, დახურული ჭერის ნაცვლად არის გისოსები, საიდანაც იღებს ჰაერს და ჩანს ცა, სხვა არაფერი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ რეჟიმი უნდა შეიცვალოს და ვეხმარებით ამის მოგვარებაში.
არ უნდა ირღვეოდეს მისი ჯანმრთელობის უფლება, მისი ადამიანური უფლებები რომ იყოს დაცული საჭიროა რაღაცეების გაკეთება. ის ითხოვს მეტი აქტივობის მიცემის შესაძლებლობას. დახურული რეჟიმი რომ აქვს მისჯილი ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ არ მოხდეს მდგომარეობის შემსუბუქება. შეუძლია პენიტენციურ დაწესებულებას მეტი შეღავათი გაუწიოს მას და მეტ სივრცეში გადაადგილების საშუალება მისცეს. ვფიქრობთ, მას უნდა მიეცეს ჰაერზე ყოფნისთვის და ფიზიკური აქტივობისთვის მეტი სივრცე, მეტი დრო, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად არ გართულდეს. ერთ ჩვეულებრივ საკანში ცხოვრობს მთელი დღის განმავლობაში, სხვა პატიმრებთან კომუნიკაცია არ აქვს. იღებს სამედიცინო დახმარებას, მაგრამ რაც არ უნდა მიიღოს მედიკამენტები, ეს საკმარისი არ იქნება, თუ გამოკეტილი იქნება პატარა ოთახში" - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა
ასევე ეკა ქობესაშვილის თქმით, მაგდა პაპიძე "ჯორჯიან თაიმსის" გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულმა მაგდა პაპიძემ თავის თანაკლასელზე ციხეში იქორწინა, კატეგორიულად უარყოფს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.