“მადლენა მთელ კახეთს აზანზარებდა, მისი ყველას ეშინოდა“- "სისხლიანი ატამანშას", საქართველოს ისტორიაში ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალის ამბავი, რომლის სახელსაც13-მდე მკვლელობას უკავშირებენ
მრავალგზის გასამართლებული დამნაშავე მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი 2014 წელს, აზერბაიჯანელ და ქართველ სამართალდამცველთა ერთობლივი ძალისხმევით, ბაქოში დააკავეს და საქართველოში დიდი ხმაურით ჩამოიყვანეს. მას მთავარმა პროკურატურამ ბრალი 1993 წელს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 4 კაცის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში წაუყენა (საქმე ეხება გურჯაანში იმერლიშვილების ოჯახის ამოწყვეტას). ზვორიკინამ ქალთა კოლონიაში მხოლოდ 9 თვე გაატარა. პროკურატურამ ვერ შეძლო საქმის დასრულება, საკმარისი მტკიცებულებების წარდგენა და სასამართლომ ციხიდან მადლენას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მადლენამ საქართველო დატოვა.
2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 65 წლის რუსეთის მოქალაქე მადლენა ზვორიკინა დააკავეს. იგი ბელარუსმა სამართალდამცველებმა იზოლატორში მოათავსეს, სადაც 40 დღე დაჰყო. იმავე წლის 25 ნოემბერს მადლენა ზვორიკინა რუსეთს გადაეცა.
როგორც რუსული პრესა წერდა, მადლენა ზვორიკინამ 1990-იან წლებში, "საქმიან" პარტნიორ ალექსანდრე როშინთან ერთად , რომელიც როგორც ამბობენ, მისი საყვარელიც იყო, მოსკოვში ბანდა შექმნა, რომლის ანგარიშზეც, სავარაუდოდ,13 მკვლელობაა. ჩადენილი მრავალრიცხოვანი დანაშაულის გამო მადლენას "სისხლიანი ატამანშა" დაარქვეს.
"ჩვენი მუსიკის მასწავლებელი იყო. მახსოვს, სულ გაპრანჭული დადიოდა, ლამაზი ქალი იყო. მისი ყოფილი ქმარი, ვაჟა მათიაშვილი, ალაზანში დაიხრჩო. მადლენა მთელ კახეთს აზანზარებდა, მუსიკის მასწავლებელი უცებ კახეთის "მხედრიონის" უფროსი გახდა. მისი ყველას ეშინოდა. იმერლიშვილების ამოხოცვაში თავიდანვე მას ასახელებდნენ", - განაცხდა "კვირის პალიტრასთან" გურჯაანის ერთ-ერთმა მკვიდრმა რამდენიმე წლის წინ. ვრცლად იხილეთ AMBEBI.GE