loader

"ზაქარია ძირს დაგდებულ ზაზას მივარდა და ეძახდა, - ზაზა, ძმაოო, ამ დროს მასაც ესროლა და იქვე მოკლა" - რას ჰყვება ადგილობრივი საგარეჯოს ტრაგედიაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზაქარია ძირს დაგდებულ ზაზას მივარდა და ეძახდა, - ზაზა, ძმაოო, ამ დროს მასაც ესროლა და იქვე მოკლა" - რას ჰყვება ადგილობრივი საგარეჯოს ტრაგედიაზე?

ნათლისღების ღამეს საგარეჯოში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედია სულისშემძვრელია. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ღამის პირველ საათზე მოულოდნელად სროლა ატყდა. მამაკაცი თავისი ბინის აივნიდან ისროდა, ჯერ ერთი ახალგაზრდა დაჭრა სასიკვდილოდ და მის მისაშველებლად მისულებსაც ტყვია დაახალა. გასროლის შედეგად დამნაშავემ 5 ახალგაზრდა მოკლა და 5 ადამიანი დაჭრა, მათგან ერთის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ აცხადებენ, რომ სროლის შედეგად დაშავებული პირების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კლინიკის ექიმის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, 4 დაჭრილს ოპერაცია დასჭირდა. კიდევ ერთი დაშავებული, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. დაჭრილებს, ძირითადად, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნებოდათ, ზოგს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ჰქონდა, ზოგს - ქვედა კიდურის.

დამნაშავე ყოფილი სამხედროა, ამავე კორპუსში მცხოვრები 49 წლის ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც, საბოლოოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ირკვევა, ადგილობრივებმა სროლის პარალელურად, დახმარებისთვის 112-ში დარეკეს, შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ათუაშვილმა სროლა მაინც განაგრძო, მოკლულებს შორისაა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ოთარ ღვინაშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ინფორმაცია უკვე გაავრცელა:

"შს სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის - 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.

თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება", - აცხადებენ უწყებაში.

მოკლული ახალგაზრდები იმავე უბნის მაცხოვრებლები არიან და ადგილობრივები საშინლად განიცდიან მომხდარს.

ამ ტრაგედიის დეტალებზე საუბარი ძალიან უჭირთ ადგილობრივებს.

ერთ-ერთმა ქალბატონმა ასეთი რამ გვიამბო:

- ძალიან განადგურებულები და შეძრულები ვართ. გარეთ გასვლა არ შემიძლია, ისეთი ტრაგედია მოხდა და ისეთი ჯოჯოხეთი დატრიალდა წუხელ აქ. უკვე საწოლში ვიწექი, როცა სროლის ხმა გავიგე, სროლა რომ არ შეწყდა, გარეთ გავიხედეთ და შემზარავი სურათი ვნახეთ - ერთი ბიჭი ძირს ეგდო, ეტყობა, პირველი ტყვია მას მოხვდა და მის დასახმარებლად ვინც მივიდა, მათაც ყველას ესროლა, ყველა ადგილზე ჩახოცა, ზევიდან, თავისი აივნიდან ისროდა დამნაშავე.

ეს უდანაშაულო, დახოცილი ბიჭები ჩვენი უბნელები არიან, ჩემს ხელში, ჩემ გვერდით გაზრდილები. 23-25 წლის ბიჭები, მათგან მხოლოდ ერთი, დათო ნასრაძე იყო დაოჯახებული. დათოს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, დანარჩენი ბიჭები დაუქორწინებლები არიან.

იქ არის სტადიონი, რომელიც ღამე განათებულია და ყოველ საღამოს, სტადიონის წინ, უბნის ბიჭები იკრიბებიან, ზოგი სამსახურიდან ბრუნდება, ზოგი თბილისში სწავლობს და სასწავლებლიდან ისევ საგარეჯოში ჩამოდის, იკრიბებიან და საუბრობენ. ასეთ საშინელებას ვინ წარმოიდგენდა, რაც გუშინ დატრიალდა. ერთმანეთის მიმდებარედ სამი კორპუსია და ამ კორპუსებში მაცხოვრებელი ბიჭები იყვნენ. ერთმანეთის მეგობრები და ერთად გაზრდილები. ერთ-ერთი გარდაცვლილი ბიჭი იყო სტუმარი, ზაზა ჩიხლაძის ბიძაშვილი, ზაქარია მათიაშვილი. ისიც საგარეჯოელია, მაგრამ სხვაგან ცხოვრობდა. სროლები რომ ატყდა, ეტყობა ის ჩამოვიდა სახლიდან, რადგან ზაზა გარეთ ეგულებოდა, მივარდა მას, ძირს დაგდებულს, ეძახდა, - ზაზა ძმაო, ზაზა ძმაოო და ამ დროს მასაც ესროლა, იქვე მოკლა.

ისეთი ამბავი ტრიალებდა, ძირს დაყრილ-დაჭრილ ბიჭებს ვერავინ ეკარებოდა. დაჭრილებიც ჩვენი უბნელები არიან, მათგან ერთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ახლა ვიყავი კლინიკაში და ღმერთს შევთხოვთ ყველა დაჭრილი გადარჩეს.

ორმა, როგორც ვიცი, სროლის დროს მოახერხა გაქცევა და სადარბაზოს შეაფარა თავი.

ჯოჯოხეთი ტრიალებდა.

სტადიონზე გვიანობამდე ბავშვები ფეხბურთსაც თამაშობენ და კიდევ კარგი, იქ სხვებიც არ იყვნენ, თორემ მსხვერპლი, ალბათ, მეტი იქნებოდა. არავის ინდობდა, ეტყობა, რაღაც ომის კადრები მოელანდა, არ ვიცით, რატომ დაუშინა ამ ბიჭებს ტყვიები.

ბიჭები დამნაშავეს არ იცნობდნენ, რადგან ის უბანში არავისთან კონტაქტობდა, ამიტომ, რამე შურისძიება გამორიცხულია.

სახლის ორივე მხარეს ისროდა, წინა მხარეს ეს ბიჭები რომ დახოცა, მერე სახლის მეორე მხარესაც განაგრძო სროლები, იქ სადღეღამისო მაღაზიაა და იმ მხარეს მყოფებიც არიან დაჭრილები. ავტომატის ხმები იყო, ეტყობა ავტომატიდან ისროდა, შეიძლება ერთი საათიც კი გრძელდებოდა სროლები.

უძვირფასესი ბიჭები დახოცა, ძალიან თბილი მეზობლობა და მეგობრობა ჰქონდათ ერთმანეთთან.

5 ადამიანია დაჭრილი, მეორე მხარეს რომ გაისროლა, ბრმა ტყვიები მოხვდა მაღაზიის მეპატრონეს, ის დაჭრილია, ასევე, ტყვია მოხვდა 17 წლის გოგონას, რომელიც მაღაზიაში იყო ჩასული, მას თვალი აქვს დაზიანებული. როგორც ვიცით, სწორედ ამ გოგოს გადაეფარა მოკლული პოლიციელი, გოგოს თვალში მაინც მოხვდა რაღაც და ოპერაცია ჩაუტარდა თბილისში.

ამჟამად კლინიკაში რჩება მაღაზიის მეპატრონეც და, ასევე, მაღაზიის კონსულტანტის დედა, რომელიც შემთხვევით იყო მაღაზიაში შვილთან მისული და ისიც ფეხებშია დაჭრილი. მეორე მხარეს რომ ისროდა, იმ მხარეს სამი ადამიანია დაჭრილი და პოლიციელი - გარდაცვლილი.

სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რაც ხდებოდა, ბიჭები ეყარნენ უპატრონოდ და მათ ვერავინ ეკარებოდა, რადგან ის გაუთავებლად ისროდა. ვინც მიეშველა, ისინი კი ჩაცხრილა. წარმოიდგინა, ალბათ, ომის კადრები და დახოცა ყველა.

პოლიცია მოსახლეობამ გამოიძახა და ისინიც ახლოს ვერ მივიდნენ, რადგან ისროდა, სანამ სპეცრაზმი არ მივიდა, მიცვალებულები ვერ გაიყვანეს ეზოდან. სპეცრაზმი რომ შედიოდა სახლში, ამ დროს თავი მოიკლა.

დღეს უბანში არ გაისვლება, ისეთი საშინელება ტრიალებს. წუხელ მთელი ქუჩები გადაკეტილი იყო, არ გვიშვებდნენ. ხალხს ის მკვდარიც არ უნდა გაეტანებინათ პოლიციისთვის და უნდა დაეწვათ ის ცხედარი. გაანადგურა ოჯახები და როგორი უდანაშაულო ბიჭები დახოცა. მკვლელს ისინი ვიზუალურად იცნობდნენ, თორემ იმას კონტაქტი არავისთან ჰქონია, გამარჯობის თქმაც არ იცოდა. მანქანით მოდიოდა და უბანში არავის ეკონტაქტებოდა. სულ სახლში იყო. ამბობდნენ ბინის გაყიდვას აპირებდაო, ნეტა მოესწრო, ამ საშინელებას ხომ ავცდებოდით.

ცოლთან გაცილებულია, მისი ცოლ-შვილი იქვე, წინა კორპუსში ქირით ცხოვრობს. ბიჭი ეკონტაქტებოდა მამას და ადიოდა იქ, როგორც ვიცი, იმ დროს იქ იყო და ის გაექცა სახლიდან. მე მგონია, რომ ის შვილი გადარჩა, შეიძლება ისიც მოეკლა. ჰყავს გოგო, რომელიც გათხოვილი იყო და თავის პატარასთან და დედასთან ერთად ცხოვრობს ქირით.

აშკარაა, ფსიქიკურად ვერ იყო, სახეც ისეთი ჰქონდა, რომ დადიოდა, ბევრ მეზობელს უთქვამს, როგორი შემზარავი სახე აქვსო.

როგორც ვიცი, ცოლი დაკითხვაზე მიიყვანეს.

„ეზოში რამდენიმე ბიჭი მოკლა. ცხედრები მიწაზე ეყარა. დამნაშავე ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იყო, რომელიც ვაზიანის ნაწილში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებშიც მონაწილეობდა. საკუთარ ბინაში იმყოფებოდა და იქიდან ისროდა. ბინაში მარტო ცხოვრობდა. როგორც ჩანს, ვინც თვალში მოხვდა ყველას ესროლა. ფსიქიკური პრობლემები ჰქონია და იმასაც ამბობენ, მკურნალობდაო. თუ მკურნალობდა, მაშინ რატომ დაატრიალა ეს საშინელება, არ ვიცით. საკუთარი შვილიც მძევლად ჰყოლია აყვანილი, როცა პოლიცია სპეცოპერაციას ატარებდა, თუმცა მან სახლიდან გამოპარვა შეძლო. შვილის გარდა ვინმე იყო თუ არა სახლში, არ ვიცით. სანამ პოლიცია დააკავებდა, თვითონაც თავი მოიკლა. ჯოჯოხეთი ტრიალებს აქ. ამდენი უდანაშაულო ახალგაზრდა დახოცა, მოკლული ბიჭები ერთად გაზრდილები და ერთმანეთის მეგობრები იყვნენ“, - აცხადებს კიდევ ერთ-ერთი ადგილობრივი.

შს სამინისტრო ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა და ვახტანგ გომელაურმა მედიასთან ისაუბრა:

„ძალიან მძიმე შემთხვევაა - 5 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან ერთი ჩვენი თანამშრომელია. მინდა, ოჯახებს მივუსამძიმრო. 5 ადამიანია ასევე დაჭრილი, ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება და ექიმები ვერ გვეუბნებიან, გადარჩება თუ არა. ვერავინ ვხსნით, რა მოხდა. მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა, ჯერ ერთი მხრიდან, მერე აივნის მეორე მხრიდან, სახლში იყო იმ პირის შვილიც, რომელიც სახლიდან გაიქცა. ეს პირი სამხედრო იყო, როგორც უკვე ვიცით, 2021 წელს არის წამოსული სამსახურიდან. მანამდე მუშაობდა ჯარში და ავღანეთშიც ნამყოფია. სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა და მოუწოდეს, მაგრამ - ვერაფერი... გაისროლა ამ პირმა მაშინ, როდესაც სპეცრაზმი შევიდა. სპეცრაზმმა ნახა, რომ თავიდან სისხლი მოსდიოდა და გვერდით იარაღი ედო... შვილი ვერაფერს გვეუბნება, ამბობს, რომ გამოვედი გვამები ძირს ეყარა, მე კი გამოვიქეციო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ნოდარ ათუაშვილის თანასოფლელს. როგორც გვითხრა, იგი სოფელ მანავიდან იყო, მაგრამ იქ სახლი წლების წინ გაყიდა და საგარეჯოში გადავიდა. სოფელშიც, თურმე, არავისთან კონტაქტობდა და ყოველთვის კარჩაკეტილად ცხოვრობდა.

"მანაველი იყო, ჩემი სკოლელია, ბავშვობიდან უცნაური ადამიანი იყო, რაღაცნაირად - ჩაკეტილი პიროვნება. სოფელში მას არც ძმაკაცი ჰყოლია და არც არავისთან შეხება არ ჰქონდა. ჩემზე პატარაა ორი წლით. რამდენიმე წელია, საგარეჯოში გადასახლდა. აქ მამის სიკვდილის შემდეგ გაყიდა სახლი. ცოლს გაეყარა და ჰყავს შვილები. ახლო ურთიერთობა მართლა არავისთან ჰქონია. სულ განაბული, გატრუნული, თავისთვის დადიოდა. ავღანეთში იყო, სამხედროში წლები მსახურობდა და მერე, მით უმეტეს არავისთან ჰქონია შეხება. სკოლაშიც უკონტაქტო იყო, ბავშვობიდანვე არავისთან ძმაკაცობდა. ჰყავს ძმა, რომელიც ახლაც მანავში ცხოვრობს. ალბათ გაგიჟდა, სხვა ახსნა მომხდარს არ აქვს", - მითხრა მანავში მცხოვრებმა ადგილობრივმა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება, ვნახოთ, რა გამოიკვეთება, სავარაუდოდ, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ეს, ალბათ, ახლობლების დაკითხვით გამოჩნდება.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს მოკლული ბიჭებისა და პოლიციელის ოჯახებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული ამბის გამო. განაგრძეთ კითხვა