"ისეთი ამბავი ტრიალებდა, ძირს დაყრილ-დაჭრილ ბიჭებს ვერავინ ეკარებოდა - სროლები რომ ატყდა, ეტყობა ზაქარია ჩამოვიდა სახლიდან, რადგან ზაზა გარეთ ეგულებოდა, მივარდა ძირს დაგდებულს და ეძახდა - ზაზა ძმაო, ზაზა ძმაოო და ამ დროს მასაც ესროლა, იქვე მოკლა" - საგარეჯოში დატრიალებულ ტრაგედიას ადგილობრივი იხსენებს
საგარეჯოში ღამით დატრიალებულ ტრაგედიას, სადაც 5 ადამიანო დაიღუპა, 6 ადამიანი კი დაშავდა ადგილობრივი ქალბატონი იხსენებს:
"ძალიან განადგურებულები და შეძრულები ვართ. გარეთ გასვლა არ შემიძლია, ისეთი ტრაგედია მოხდა და ისეთი ჯოჯოხეთი დატრიალდა წუხელ აქ. უკვე საწოლში ვიწექი, როცა სროლის ხმა გავიგე, სროლა რომ არ შეწყდა, გარეთ გავიხედეთ და შემზარავი სურათი ვნახეთ - ერთი ბიჭი ძირს ეგდო, ეტყობა, პირველი ტყვია მას მოხვდა და მის დასახმარებლად ვინც მივიდა, მათაც ყველას ესროლა, ყველა ადგილზე ჩახოცა, ზევიდან, თავისი აივნიდან ისროდა დამნაშავე.
ეს უდანაშაულო, დახოცილი ბიჭები ჩვენი უბნელები არიან, ჩემს ხელში, ჩემ გვერდით გაზრდილები. 23-25 წლის ბიჭები, მათგან მხოლოდ ერთი, დათო ნასრაძე იყო დაოჯახებული. დათოს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, დანარჩენი ბიჭები დაუქორწინებლები არიან.
იქ არის სტადიონი, რომელიც ღამე განათებულია და ყოველ საღამოს, სტადიონის წინ, უბნის ბიჭები იკრიბებიან, ზოგი სამსახურიდან ბრუნდება, ზოგი თბილისში სწავლობს და სასწავლებლიდან ისევ საგარეჯოში ჩამოდის, იკრიბებიან და საუბრობენ. ასეთ საშინელებას ვინ წარმოიდგენდა, რაც გუშინ დატრიალდა. ერთმანეთის მიმდებარედ სამი კორპუსია და ამ კორპუსებში მაცხოვრებელი ბიჭები იყვნენ. ერთმანეთის მეგობრები და ერთად გაზრდილები. ერთ-ერთი გარდაცვლილი ბიჭი იყო სტუმარი, ზაზა ჩიხლაძის ბიძაშვილი, ზაქარია მათიაშვილი. ისიც საგარეჯოელია, მაგრამ სხვაგან ცხოვრობდა. სროლები რომ ატყდა, ეტყობა ის ჩამოვიდა სახლიდან, რადგან ზაზა გარეთ ეგულებოდა, მივარდა მას, ძირს დაგდებულს, ეძახდა, - ზაზა ძმაო, ზაზა ძმაოო და ამ დროს მასაც ესროლა, იქვე მოკლა.
ისეთი ამბავი ტრიალებდა, ძირს დაყრილ-დაჭრილ ბიჭებს ვერავინ ეკარებოდა. დაჭრილებიც ჩვენი უბნელები არიან, მათგან ერთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ახლა ვიყავი კლინიკაში და ღმერთს შევთხოვთ ყველა დაჭრილი გადარჩეს" - ოხსენებს ქალბატონ უმძიმეს ღამეს.