"მაინტერესებს, ჩვენი ჯარისკაცებიც გადიან თუ არა მენტალური ჯანმრთელობის შემოწმებას და მკურნალობას მისიების შემდეგ" - თამარ ჩერგოლეიშვილი
"მაინტერესებს, ჩვენი ჯარისკაცებიც გადიან თუ არა მენტალური ჯანმრთელობის შემოწმებას და მკურნალობას მისიების შემდეგ" - თამარ ჩერგოლეიშვილი საგარეჯოში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"რამდენიმე წლის წინ ჩემს ახლობელს ფსიქიატრიული დახმარება დასჭირდა და ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში დავაწვინეთ.
ენის ბარიერის გამო დიდ დროს ვატარებდი მასთან კლინიკაში.
კლინიკის მოსაწევ სივრცეში ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი - თავიდან ფეხებამდე აქლემისფერ ქაშმირში გამოწყობილი (ულამაზესი) ლორდი, რომელსაც ნარცისიზმი სტანჯავდა; ჟურნალისტი, რომელსაც მძიმე დეპრესია აწვალებდა...
იქვე იყვნენ ბრგე და ლამაზი კაცები - მეთქი, თქვენ აქ რატომ ხართ?
ჩვენ ამერიკელი სამხედროები ვართო, ავღანეთის მისიიდან სახლებში ვბრუნდებით და 2-კვირიან სავალდებულო დაკვირვება/მკურნალობას გავდივართ, პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა რომ არ დაგვრჩესო, შეიძლება ზოგიერთს მეტხანსაც მოგვიწიოს დარჩენაო.
ცხადია, ეს ამბავი იმიტომ არ დამიწერია, რომ ვიცი, თვითმკვლელს რა უჭირდა ან რა მკურნალობა სჭირდებოდა - უბრალოდ მაინტერესებს, ჩვენი ჯარისკაცებიც გადიან თუ არა მენტალური ჯანმრთელობის შემოწმებას და მკურნალობას მისიების შემდეგ.
ვიზიარებ დაღუპულების ოჯახების მწუხარებას და დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს ჩერგოლეიშვილი.
პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია. შს მინისტრის ინფორმაციით, 49 წლის ათუაშვილი თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.