"ვიდეომტკიცებულება, სამწუხაროდ, არ არსებობს, თვითმხილველმა მითხრა..." - დავით ქაცარავას ცნობით, მეჯვრისხევში ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფს რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს
"დღეს IPRM-ის, ე.წ. ერგნეთის შეხვედრაა, რომელიც პერიოდულად ოკუპანტების ქართული მხარის და ევროკავშირის სამონიტორინგო ჯგუფის მონაწილეობით ტარდება.
მასზე დღეს, გუშინ გატაცებული მოქალაქის ამბები უნდა გაირკვეს, დაახლოებით 2 კვირის წინ რომ ჩვენი 2 მოქალაქე გაიტაცეს და ჯერ არ დაუბრუნებიათ, მათი საკითხიც დადგება; მამუკა ჩხიკვაძე რომ წელზე მეტია ცხინვალის ციხეში, იმედი მაქვს, მასზეც ისაუბრებენ.
პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM-ის სამონიტორინგო ჯგუფს რუსებმა "ცეცხლი" ჰაერში შეაგებეს. წადითო.
არსებობს ამის ვიდეომტკიცებულება? - სამწუხაროდ, არა.
საიდან ვიცი? - ფაქტობრივად, თვითმხილველმა მითხრა, ადგილობრივმა, რომელიც შორიახლოს გადაადგილდებოდა.
იტყვის ამას საჯაროდ? - რა თქმა უნდა არა, ეშინია როგორც რუსების შურისძიების, ასევე ადგილობრივი ზეწოლის.
გვჯერა? - მე კი. დაუსვით კითხვები EUMM-ის სამონიტორინგო ჯგუფის წევრებს, იმედია, არ მოიტყუებიან.
თუ დამალავენ ამ ინფორმაციას და არაფერს იტყვიან საჯაროდ, მაშინ თავის რეპორტებში აუცილებლად ჩადებენ ამ ინფოს.
რატომ მოიქცნენ ასე ორკები? - წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს აგრესიული, გარკვეული სახის მესიჯია.
დაადასტურებს სუს-ი? - არ მგონია.
დიდ იმედს ვიტოვებ, რომ დღეს ამ შეხვედრაზე ამ საკითხს დააყენებს ჩვენი მხარე და რამე დისკომფორტს მაინც შეუქმნის ოკუპანტს.
იმედს კი ვიტოვებ, მაგრამ..." - წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.