რას ამბობს გიული ალასანია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მან სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილს კიევში ბინა და დიდი ოდენობით თანხა გადაუფორმა
ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილის ნოტარიული თანხმობით, გიული ალასანიამ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილს, ჟასმინ იასკოს, კიევის ცენტრში მდებარე ძვირად ღირებული ბინა და დიდი ოდენობით თანხა გადაუფორმა.
"ქრონიკის" ინფორმაციით, ლაპარაკია მილიონ გრივნაზე. რაც შეხება ბინას, ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ბინა ექსპრეზიდენტის დეკლარაციაში არასოდეს ყოფილა.
ამ საკითხზე დასმულ კითხვას გიული ალასანიამ უპასუხა, - ეს საიდან მოიგონეთო...
შეგახსენებთ, 2021 წლის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გავრცელდა მისი და უკრაინელი პოლიტიკოსის, ლიზა იასკოს ერთობლივი ვიდეო, რომელშიც ისინი ამბობდნენ, რომ ერთმანეთი უყვართ და ერთად ცხოვრობენ.
ბოლო დროს ვრცელდებოდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილისგან შვილი გააჩინა, თუმცა ეს დღემდე არავის დაუდასტურებია.