მსახიობი ლამზირა ჩხეიძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს დამსახურებული არტისტი, ლამზირა ჩხეიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი - „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამთქვამს.
ლამზირა ჩხეიძემ 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი.
1952 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 1953-1956 წლებში პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგად.
„მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსუდანი(ი. ვაკელის "რვალი"), სუზონ(ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ლიდა(გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი), ფენია(კ. მალიარევსკის "ქარიშხლის წინ"), ქეთო(ვ. როზოვის "ხალისიანი მეგობრები"), ანგელა(გ. სევასტიკოგლეს "ანგელა"), ტანია(ო. ჩიჯავაძის "პირველი მერცხლები"), ციური(გ. ბერძენიშვილის "ლერწამი ქარში"), ივლიტე ბოსტოღანაშვილი(კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა"), მზია(გ. ხუხაშვილის "ზღვის შვილები"), ოფელია(შექსპირის "ჰამლეტი"), ანგუსტიასი(გ. ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი"), დარიკო(დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), მადლენა ბეჟარი(მ. ბულგაკოვის "ფარისეველთა შეთქმულება"), ცოლი(ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე") და სხვ. შექმნილი აქვს რამდენიმე საინტერესო სახე ქართულ კინოსა და სატელევიზიო ფილმებში, აგრეთვე ლიტერატურულ-დრამატულ რადიოგადაცემებში.
საქართველოს თეატრალური საზოგადოება სამძიმარს უცხადებს, ქალბატონ ლამზირა ჩხეიძის ოჯახს და სრულიად თეატრალურ საზოგადოებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.