ემოციური კადრები და ცრემლების ზღვა - პელე „სანტოსის“ სტადიონთან მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს
ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე ქალაქ სანტოსში, Memorial Necrópole Ecumênica-ს ვერტიკალურ სასაფლაოზე დაკრძალეს, რომელიც „სანტოსის“ სტადიონთან ახლოს მდებარეობს.
პელეს ცხედარი სასაფლაოზე „სანტოსის“ საფეხბურთო კლუბის ჰიმნის ფონზე შეასვენეს.
მედიის ინფორმაციით, პელეს დაკრძალვის 24-საათიან საჯარო ცერემონიას, რომელიც “სანტოსის” სტადიონზე ორშაბათს დაიწყო, 230 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა და FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო.
შეგახსენებთ, პელე 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში, კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.
მას კარიერის განმავლობაში 1000-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, 2000 წელს კი FIFA-მ იგი საუკუნის მოთამაშედ დაასახელა.