"ბასლაინის გამოყენება შესაძლებელი იყოს იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში 3 ან მეტი მგზავრი ზის, არ იქნებოდა ურიგო... ცდების ჩატარების არ უნდა შეგვეშინდეს" - როგორ შეიძლება მოგვარდეს თბილისში საცობის პრობლემა?
"ადამიანების ჯგუფს რატომღაც ჰგონია, რომ მე ავტომობილებისკენ ვიხრები და მხოლოდ ამ პრობლემაზე ვზრუნავ, რომ მანქანებს ჰქონდეთ მეტი სივრცე და არა ადამიანებს. ეს სულაც არ არის ასე",- ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხების ექსპერტიმა, "საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ რადიო "პალიტრისა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საქმე" განაცხადა.
მისი თქმით, საცობების პრობლემა კომპლექსურია, თუმცა ყველა კვანძი ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს, მის მოსაგვარებლად კი ექსპერიმენტების ჩატარების არ უნდა გვეშინოდეს.
როგორც მევლუდ მელაძე ამბობს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვითარდეს და ამას არავინ ეწინააღმდეგება, თუმცა დედაქალაქში შექმნილი ვითარება პრობლემას უქმნის როგორც მუნიციპალურ ტრანსპორტს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.
"ვცდილობ, რომ ყოველი ჩემი ჩართვა იყოს პროდუქტიული, შემიძლია ამერიკის არაერთი შტატის მაგალითი მოვიყვანო... არის სპეციალური ზოლები მაგისტრალებზე, სადაც თუ ერთზე მეტი ადამიანი ზის ავტომობილში, მხოლოდ მას აქვს უფლება, რომ ეს გზა გამოიყენოს. რიგ შემთხვევებში, 3 ან მეტი ადამიანი თუ ზის მანქანაში, მაშინ შეუძლიათ ამ გზის გამოყენება.
მე არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა, ასე გავაკეთოთ ჩვენც, მაგრამ რაღაც ასეთი მოქნილი მოდელები ჩვენთანაც შეიძლება გამოვიყენოთ. აქ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მძღოლები გადაადგილდებიან ავტომობილით და თუ რამდენიმე ადამიანი უზის და მას წავახალისებთ, სიტყვაზე, ბასლაინის გამოყენება, შესაძლებელი იყოს იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში 3 ან მეტი მგზავრი ზის, სულაც არ იქნებოდა ურიგო, მინიმუმ, ექსპერიმენტს რა უდგას წინ?! იქნებ ამ სისტემამაც იმუშაოს. ანუ სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული გამოცდილება აქვს, ეს გამოცილებები შეიძლება ავკრიფოთ, გავაანალიზოთ რამდენად მოქნილი იქნება ჩვენი ქალაქის რეალობისთვის და რაღაც ცდებიც კი ჩავატაროთ. ჩემი აზრით, არ უნდა შეგვეშინდეს, გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარების, თუ რამე არ იმუშავებს, შეცვლადია. თუ იმუშავებს, რატომაც არა?!“,- აღნიშნა მევლუდ მელაძემ.