"რასაც ახლა ვიტყვი, მკითხველმაც მინდა, კარგად გაიგოს, არ მინდა ისე ეგონოს, რომ..." ქეთი ხუციშვილი
მიიწურა 2022 წელი, როგორ აჯამებ მას?
- პირადად მე კმაყოფილი ვარ. რომ ვთქვა, რამე განსაკუთრებული მოხდა ჩემს ცხოვრებაში-მეთქი, არაფერი. უბრალოდ, მე საერთოდ, ვაფასებ და ვაჯამებ წლის ყოველ დღეს და ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით ვარ კმაყოფილი. ელემენტარულში ვპოვებ ბედნიერებას, - ბავშვობიდან ასეთი ვარ. ელემენტარულ რაღაცას ჩემთვის ბედნიერება მოაქვს. საერთო ჯამშიც ხალისიანი და კარგი წელი იყო. ბედნიერება არაა, ჩემს შვილს რომ ვუყურებ? მისი ხმა მესმის. აუცილებლად გრანდიოზული რამ უნდა მოხდეს, რომ ბედნიერება მას დავარქვათ?
- მართალია, გრანდიოზულია თავად ყოველი დღე...
- დიახ და ეს არ არის ფორმალური საუბარი, მართლა გულით და სულით ვაფასებ ყოველ დღეს და მადლიერი ვარ. იმედი მაქვს, შემდეგი წელიც ასეთივე იქნება. მარტო ჩემთვის კი არა, ყველასთვის. გვერდით გაღიმებულ ადამიანს რომ ვხედავ, მეც მიხარია, რატომ უნდა ვიყო მოღუშული სახით?!. მერე ის შენზეც გადმოდის. ყველა მინდა, რომ კარგად იყოს.
წინასაახალწლო პერიოდია, ამ დღესასწაულის შესახვედრად ყველა ემზადება, რაღაცას ფუსფუსებს. როგორ ემზადები და წინასაახალწლოდ რა ტრადიციები გაქვს?
- რასაც ახლა ვიტყვი, მკითხველმაც მინდა, კარგად გაიგოს, არ მინდა ისე ეგონოს, სამზარეულოს არ ვეკარები და არაფრის გაკეთება არ ვიცი. ყველაფრის მომზადება ვიცი, მაგრამ როგორც გითხარით, გურმანი არ ვარ, თან, სახლში მარტო მე და ჩემი შვილი რომ ვართ და მთელი დღე ორივე სამსახურებში, კერძების მომზადება დიდად სახლში არ მიწევს. საახალწლოდაც არანაირი სამზადისი არ მაქვს.
- ნაძვის ხესაც არ დგამ?
- არ მომირთავს და არც მიყიდია. ისიც არ ვიცი, ვიყიდო თუ არა. თუ ვიყიდი, ძალიან პატარას, სუვენირის მსგავსს. არ გაიკვირვოთ და ნაძვის ხის დადგმის და მორთვის ტრადიციაც არ მაქვს, თითქოს ამის საჭიროებას დიდად ვერ ვხედავ. ისე, სხვები ამას რომ აკეთებენ, მომწონს. რა მოხდა, თუ ნაძვის ხე არ იქნება სახლში. არა უშავს, არ არის პრობლემა - მე ამ საკითხს ასე ვუდგები. ასევე ვარ საახალწლო კერძების მომზადებასთან დაკავშირებითაც. თუ გოზინაყი და ტოლმა არ მექნება, შემწვარ კარტოფილს მივირთმევ. შარშან ერთი ჭიქა „საფერავით“ შევხვდი. მოკლედ, საჭიროდ არ მიმაჩნია, რომ რამე გავაკეთო.
- ალბათ ესეც შენი ტრადიციაა...
- კი. ხომ შეიძლება, მე ასეთი ტრადიცია მქონდეს? ბავშვობაშიც არასდროს ჩავბმულვარ ამ სამზადისებში. დიდი-დიდი, ნაძვის ხეზე ერთი სათამაშო ჩამომეკიდა. განსაკუთრებულ ინტერესს ჩემში ნაძვის ხის მორთვა არ იწვევდა და ალბათ, იქიდან მომყვება ეს. ხომ ვამბობ, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. განაგრძეთ კითხვა