loader

"წელს შენი საიდუმლო სანტა უნდა ვყოფილიყავი, უსამართლო ცხოვრებას რა ვუთხარი, ვინ იფიქრებდა" – ქუთაისელი ექიმი კოლეგას ემოციური პოსტით ემშვიდობება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წელს შენი საიდუმლო სანტა უნდა ვყოფილიყავი, უსამართლო ცხოვრებას რა ვუთხარი, ვინ იფიქრებდა" – ქუთაისელი ექიმი კოლეგას ემოციური პოსტით ემშვიდობება

ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს მედიკოსი გიორგი გაბუნია რეანიმატოლოგ ალექსანდრე კვაჩიძის მოულოდნელად გარდაცვალებას ეხმაურება.

გიორგი გაბუნია კოლეგას ემშვიდობება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ჭეშმარიტებად ჯობს სხვა სენტენცია დავტოვოთ, კერძოდ ის, რომ „შეუცნობელ არს გზანი უფლისანი.“ სულ რაღაც სამი დღის წინ, საღამოს სიცოცხლით სავსე ექიმი ჩვენს გვერდით იდგა ოპერაციაზე და რას ვიფიქრებდით, რომ ეს იყო უკანასკნელი შეხვედრა მასთან. მახსოვს, ჩვენმა საყვარელმა კაცმა, მამუკა ნემსიწვერიძემ რომ დაგვტოვა, ალეკომ მითხრა: „ბატონო გია, სამოცი წელი რა არის დღეს, ამ ასაკში წასვლა ნაღდად უსამართლობააო“.

რას იფიქრებდა მაშინ, რომ ბედისწერას მისთვის ოთხი ათეულიც არ ჰქონია თურმე გამომეტებული…მისმა სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ცხოვრებამ ჩემი და ჩემი კოლეგა – მეგობრების თვალწინ გაიარა. გააზრებული და აწონილ –დაწონილი იყო აუდიტორიაში ლექციაზე ჩაფიქრებული ბიჭიდან პროფესიონალ ექიმობამდე მის მიერ განვლილი გზა.

ნიჭიერი, სამოქმედოდ შემართული, მონდომებული და მიზანდასახული – ასეთად ვიცნობდი ალეკოს და ასეთად დარჩა ჩემთვის დღეიდან.. ჩემი ექიმების თანატოლი და მეგობარი იყო იგი, უღალატო, გვერდით მდგომი, დაუზარებელი, პაციენტისათვის თავდადებული, სიტუაციის გამთვლელ – გამჭვრეტელი..

კარგი ქართველი, ოჯახის მოსიყვარულე მამა და სხვათა ჭირისა და ლხინის გამზიარებელი. ნებისმიერი ლექტორისათვის გასახარია, როცა მისი ყოფილი სტუდენტი საოპერაციო მაგიდასთან მასთან ერთად დგება და პაციენტის სიცოცხლეს მართავს. ალეკოსთვისაც დადგა ეს დრო და დამემოწმებიან ჩემი კოლეგები – შოთა, ზურიკო, გენადი, ბათუ და სხვაც ბევრი, რომ რომ ეს თანადგომა (რომელიც არაიშვიათად მთელი ღამე გრძელდებოდა და უმძიმეს სიტუაციებს მოიცავდა) იყო სრული, მეგობრული, კოლეგიალური, უღალატო და პროფესიონალიზმის ნიშნით აღბეჭდილი.

იგი უკვე „საიმედო საყრდენად“ იქცა, რაც ანესთეზიოლოგიურ და ქირურგიულ საქმეში ჩახედულებმა ვიცით, რაოდენ ძნელია მისაღწევად. დაუჯერებელია ეს ყველაფერი… ვათვალიერებ მის გვერდს, შვილებთან გადაღებულ ფოტოებს და ვმძიმდები, ვმძიმდები საშინლად. სულ რაღაც ოცდათოთხმეტი წელი მოათია მან ჩვენს გვერდით..

რას ვიზამთ, ბედისწერას თავისი საზარელი გზა აქვს (ვერ გავუმრუდებთ ოხერს) და სიცოცხლით სავსე კეთილ ბიჭს, რომელსაც ახალი წელი და საკუთარი დაბადების დღე ერთად უნდა ეზეიმა, სანაცვლოდ ცივი და მდუმარე სამარე შესთავაზა. ასე მოხდა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ მისი სახელი და სული კვლავაც ჩვენს გვერდით იქნება და, ბოლოს და ბოლოს, როგორც ბრძენი იტყვის „ადამიანის ცხოვრება იგავ–არაკივით შინაარსით იზომება და არა სიგრძით.“ მშვიდობით ჩვენო მეგობარო…შენი ცხოვრება ხანმოკლე იყო – სულ რაღაც სამი ათეული, მაგრამ შინაარსით შესაძლოა ბევრის საუკუნესაც აჯობა…

PS. წელს შენი საიდუმლო სანტა უნდა ვყოფილიყავი და ხომ ხედავ, რა საჩუქარიც გამომივიდა – გამოსამშვიდობებელი დაგიწერე ჩემო კარგო კაცო. ამ უსამართლო ცხოვრებას რა ვუთხარი ვინ იფიქრებდა…აზრად ვინ გაივლებდა…ნათელში გამყოფოს არსთაგამრიგემ.“ – წერს მედიკოსი.