"თავდამსხმელი საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა" - ახალი დეტალები ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ
მკვლელობა მოხდა თბილისში, ჯავის ქუჩაზე, რომლის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მოკლულია 45 წლამდე მამაკაცი.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.
გავრცელებული ცნობით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.
ამასთანავე, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჯავის ქუჩაზე ესროლეს, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულზე მრავალჯერ იყო ნასამართლევი. ასევე, არსებული ინფორმაციით, მრავალჯერაა ნასამართლევი ის პირიც, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
გარდაცვლილის ახლობლის თქმით, თავდამსხმელი საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
AMBEBI.GE -ს ინფორმაციით, მოკლული ბონდო კისიევია.
ცნობისთვის, საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, მამუკა გუგეშაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ჯავის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შესაბამისი განცხადება მან თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.