რა გადაწყვეტილება მიიღო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ მარიკა ბაკურაძის საქმეზე?
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემისა და ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერების პრინციპები (მე-4 პრინციპი და მე-10 პრინციპი) დაარღვია.
"სიუჟეტში არ ჩანდა და არც შეპასუხებაში იყო არგუმენტაცია, თუ რატომ ვერ მოხერხდა რესპონდენტების ინფორმირება ჩაწერასთან დაკავშირებით. შეპასუხებაში მითითებული იყო, რომ ჟურნალისტმა იცოდა - არც ერთი რესპონდენტის იდენტიფიცირება არ მოხდებოდა გადაცემაში, თუმცა, მათი ამოცნობა მაინც შესაძლებელი იყო. ჟურნალისტი მათ სახელებსა და გვარებს არ ასახელებდა და, როგორც თავად ამბობს, რესპონდენტებს ხმა აუდიოეფექტით შეუცვალა, მაგრამ იგი ამბობდა, რა კომენტარები დაწერეს კონკრეტულმა პირებმა/ისინი ჩანდა ეკრანზე. დღეს, ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე პირობებში, შესაძლებელია მაყურებელს თავად მოეძებნა სიუჟეტი [მასალა ვიზუალურად ჩანდა ფონზე] და კომენტარების ველში პირების იდენტიფიცირება მოეხდინა.
რა თქმა უნდა, ჟურნალისტს შეუძლია გამოიყენოს ფარული ჩაწერის მეთოდი, როდესაც სხვა ყველა გზა ინფორმაციის მოსაპოვებლად მოჭრილია ან სხვა გზით ამ ინფორმაციის მიღება სხვადასხვა მიზეზის გამო შეუძლებელია; ჟურნალისტს შეუძლია გააკეთოს ამგვარი ჩანაწერი, თუმცა შემდეგ რედაქციამ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, უნდა გამოიყენოს თუ არა ის იმის მიხედვით, რამდენად მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ეს ჩანაწერი; მოცემულ შემთხვევაში არ ჩანს, რომ ჟურნალისტს რესპონდენტებისგან იმავე კომენტარის მიღება არ შეეძლო ან შეუძლებელი იქნებოდა მათი გაფრთხილების შემდეგ (არც შეპასუხებაში და არც სიუჟეტში არ ყოფილა აღნიშნული, რომ ჟურნალისტმა სცადა სხვა Facebook მომხმარებლებთან დარეკვა და მათთვის კომენტარის თხოვნა, უარი მიიღო და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, არ გაეფრთხილებინა დანარჩენი რესპონდენტები ჩაწერის შესახებ); ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტმა აუდიტორიას მიაწოდა ამ ჩანაწერის შედეგად, არ წარმოადგენდა საჯარო ინტერესის საგანს, რაც გაამართლებდა მისი მხრიდან ამ მეთოდის გამოყენებას (საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე საბჭომ ასევე იმსჯელა მეათე პრინციპის განხილვისას). შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, ფარული აუდიოჩაწერა „არაკეთილსინდისიერ მეთოდად“ აქცია არა თავად ჩაწერის პროცესმა, არამედ მისმა შინაარსმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მეოთხე პრინციპი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტის თანახმად, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების დროს სახეზე უნდა იყოს ლეგიტიმური მიზანი და საჭიროება, რომ ობიექტური საჯარო/საზოგადოებრივი ინტერესი უფრო მნიშვნელოვანი სიკეთეა, ვიდრე კონკრეტულ შემთხვევაში პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია. განსახილველ შემთხვევაში საბჭო ასეთ მიზანს და საჭიროებას ვერ ხედავს.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ რესპონდენტების პირადი ცხოვრების პატივისცემის მიზნით ყველა გზა გაიარა, მათი ამოცნობა მაინც შესაძლებელი იყო. Facebook მომხმარებელს შეეძლო მოეძებნა სიუჟეტი, საიდანაც ჟურნალისტი კომენტარებს კითხულობდა და ამოეცნო რესპონდენტები. მაგალითად: დადასტურებულია, რომ გიორგი ბოლქვაძის იდენტიფიცირება რამდენიმე მომხმარებელმა სწორედ აქედან შეძლო, რასაც მისი კომენტარის გამოხმაურებაში ვკითხულობთ.
ობიექტური ინტერესის შესაფასებლად მინიმუმ შემდეგ კითხვებზე უნდა ხდებოდეს პასუხის გაცემა:
● რას და ვის ამხელს ეს მასალა?
● რამდენად შეუწყობს ხელს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დისკუსიის წამოწყებას?
● ამ დეტალების გარეშე შეიძლება თუ არა პრობლემის სრულყოფილად წარმოჩენა? რა დამატებით ინფორმაციას იძლევა მასალა?
● რა ზიანს მიიღებს პირი მისი პირადი ინფორმაციის გამოქვეყნებით?
საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, საზოგადოებრივი ინტერესი არის მაღალი აქტუალობის მქონე იმ ფაქტის ან/და მოვლენის შესახებ საჯარო ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა), რომელიც ეხება პირთა ფართო წრეს ან საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფსა და საჯარო ინტერესის სფეროს, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.
შესაბამისად, სუბიექტური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არ არის ობიექტური საჯარო/საზოგადოებრივი ინტერესი და არ ამართლებს პირად ცხოვრებაში შეჭრას. სწორედ ამიტომ საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მეათე პრინციპი", - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაში.
მარიკა ბაკურაძის სიუჟეტი ეთერში 28 ნოემბერს გავიდა. გადაცემა "იმედის დღეში" გასულმა ექსპერიმენტმა საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ გადაწყვიტა, იმ ადამიანებისთვის დაერეკა, ვინც მის სიუჟეტზე უარყოფითი კომენტარები დაწერა და ეკითხა, რატომ მოიქცნენ ასე.