ფონიჭალაში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად, 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული.
კუპატაძის თქმითვე, სპეცოპერაცია დღის განმავლობაში გაგრძელდება და დაკავებულთა რაოდენობაც გაიზრდება.
„დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომლებიც ახორციელებდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას. დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიება დღის განმავლობაში გრძელდება და დაკავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, - განაცხადა კუპატაძემ.