ახალი დეტალები ქუთაისში ავტობუსის გატაცების მცდელობასთან დაკავშირებით - "მგზავრების ნაწილი ამ ფაქტს იუმორით უყურებს"
ქუთაისში ავტობუსის გატაცების მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე საღამოს მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ორი ახალგაზრდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავიდა, მას შემდეგ, რაც მძღოლი თამბაქოს მოსაწევად გაჩერებაზე ჩავიდა, ნასვამი პირი დაჯდა მძღოლის ადგილზე და ავტობუსი დაძრა.
ავტობუსში ოცამდე მგზვრი იყო, მას წინააღმდეგობა სწორედ მგზავრებმა გაუწიეს. ავტობუსი საპატრულო პოლიციის დახმარებით მალე გააჩერეს და ორი პირი ადგილზევე დააკავეს.
ადვოკატი თქმით, დაკავებულებს ბრალი ჯერ არ წარდგენიათ. როგორც არჩილ ნიჟარაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშმყოფი ვერ იხსენებს, რა მოხდა და რატომ წაიყვანა ავტობუსი.
"ბრალი ჯერ არ აქვს წარდგენილი. არ გადმოგვცემია მოცემულ საქმეზე მასალები. ამ ეტაპისთვის დეტალებზე აპასუხოს გაცემა გაგვიჭირდება, თუმცა სრული პასუხისმგებლობოთ ვაცხადებ, აღნიშნული ქმედება გამოწვეული იყო ძლიერი ალკოჰოლური თრობის გამო, ვერ აკონტროლებდა თავის საქციელს. სინამდვილეში, მას მიტაცების მცდელობა არ ქონია, თქვენც ხვდებით, რომ საზოგადოებროვ ტრანსპორტს ოც მგზავრთან ერთად მისაკუთრების თვალსაზრისით არავინ დაძრავს.
საქმე გვაქვს მოცემულობასთან, როცა ვერ აცნობიერებს რა ხდება. ჩემი ინფორმაციით, მგზავრებში პანიკას ადგილი არ ქონია, მძღოლი სიგარეტის მოსაწევად იყო ჩასულო. დაკავებულის შეჩერება მოხდა ძალიან მალე. ჩემი დაცვისქვეშ მყოფი ვერ ხსნის რა მოხდა, შეუძლოდ არც არავინ გამხდარა, როგორც ვიცით, მგზავრების ნაწილი ამ ფაქტს იუმორით უყურებს" - განაცხადა არჩილ ნიჟარაძემ საქმეზე ორი პირია დაკავებული, მათ ბრალს დღეს წაუყენებენ.