"მინდოდა უბრალოდ გვერდით გამეწია, ვერ მოვზომე და ხელი ვკარი - რაც შეეხება უკვე კადრს მიღმა განვითარებულ მოვლენებს, ამაზე თავის მართლებას ვერ დავიწყებ და ბოდიშს ვიხდი" - ოპერატორი, რომელმაც ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მიმართვას ავრცელებს
ოპერატორი ნიკოლოზ წეველიძე, რომელმაც "მთავარი არხის" ჟურნალისტს ხელი ჰკრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ბოდიშს იხდის და სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს:
"ძალიან ვწუხვარ „ვივამედთან“ მომხდარი ფაქტის გამო. 20 წელია, რაც ამ საქმეს ვემსახურები და მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია. ადგილზე ტელევიზიები ვმუშაობდით პირდაპირი ეთერის რეჟიმში, რა დროსაც მთავარი არხის ჟურნალისტის ჩართვის გამო ხელი შეგვეშალა მუშაობის პროცესში. ყველა ვეუბნებოდით, კადრიდან გაწეულიყო. ამის შემდეგ მინდოდა უბრალოდ გვერდით გამეწია, ვერ მოვზოვე და ხელი ვკარი. პირდაპირი ეთერის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან უხეშად გამომივიდა და კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამის გამო. რაც შეეხება უკვე კადრს მიღმა განვითარებულ მოვლენებს, ამაზე თავის მართლებას ვერ დავიწყებ და ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ." - წერს ნიკოლოზ წეველიძე.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, როცა ტელეკომპანია "იმედის" ოპერატორმა ხელი ჰკრა, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.