loader

"მშობიარობამდეც დამართნია კრუნჩხვა და მშობირობის პროცესშიც, ბავშვი მკვდარი დაიბადა" - ახალი დეტალები 33 წლის ქალზე, რომელიც მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მშობიარობამდეც დამართნია კრუნჩხვა და მშობირობის პროცესშიც, ბავშვი მკვდარი დაიბადა" - ახალი დეტალები 33 წლის ქალზე, რომელიც მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა

33 წლის ქალი, მხატვარი მაია კუჭავა, მშობიარობის შემდგომი გართულებით კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ქალის ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს. მათი თქმით, ექიმებმა პაციენტს არასათანადო მკურნალობა ჩაუტარეს.

როგორც გარდაცვლილის ახლობელი Palitravideo.ge-ს უყვება, ეს იყო მაია კუჭავასთვის მეორე ორსულობა, რადგან პირველი ორსულობა მე-4 თვეზე შეწყდა. მაია მეორე ორსულობას დიდი ყურადღებით ეკიდებოდა. ყველაფერი წინასწარ დაგეგმა, ორსულობის პირველივე თვიდან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

„მამა რომ გარდაეცვალა, 4 თვის ორსული იყო, ნერვიულობაზე მუცელი მოეშალა. მეორე ორსულობა წინასწარ დაგეგმა. გამოცდილ ექიმს ეძებდა, დიდ ყურადღებას აქცევდა, რომ მეორედ არ მიეღო ეს სტრესი. სამწუხაროდ, ბევრმა ურჩია ექიმი მამუკა ნემსაძე და კლინიკა „ღია გული“. პირველივე თვიდან მას უთანხმებდა ყველაფერს, მის გარეშე წყალსაც კი არ სვამდა.

7 თვემდე ყველაფერი კარგად იყო, მე-8 თვეში დაეწყო მაღალი წნევები. მივიდა ამ ჩივილით კლინიკაში. ექიმმა წამლები დაუნიშნა და უკან გამოუშვა. წნევა არ დარეგულირდა და მეორე დღეს ისევ მივიდა კლინიკაში და უკან აღარ გამოუშვა, დააწვინეს კლინიკაში, ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებაო. ექიმი ჩვენ გვაიმედებდა, საშიში არაფერია, ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობსო, მაიკოც კონტაქტური იყო, მუდმივ კონტაქზე ვიყავით ოჯახის წევრები მასთან“ - ამბობს ოჯახის ახლობელი.

ახლობლების თქმით, მაიკოს ოჯახს კლინიკიდან მეორე დღეს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა, თუმცა დედის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.

„ბავშვი 3 ნოემბერს გარდაიცვალა და მაიკო მეორე დღეს ამშობიარეს. ჩვენ გვეგონა, საკეისროს გაუკეთებდნენ, მაგრამ თავი გაიგიჟეს, ბუნებრივი გზით უნდა იმშობიაროსო. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, მშობიარობის დროსაც მაღალი წნევა ჰქონდა და ბუნებრივი მშობიარობა არაფრით არ შეიძლებოდა. მშობიარობას მაიკოს ქმრის ბიძაშვილი ესწრებოდა, შოკირებული იყო, ბლოკიდან რომ გამოვიდა, ეს რა ვნახეო. მშობიარობამდეც დამართნია კრუნჩხვა. მშობირობის პროცესშიც რამდენჯერმე დამართნია მაიკოს კრუნჩხვა. მშობიარობის დასრულების შემდეგ, ექიმმა გვითხრა რომ ყველაფერმა კარგად ჩაირა, პაციენტს ჩაეძინა, ახლა სიმშვიდე სჭირდებოდა, სანერვიულო არაფერი იყო და ჩვენც დამშვიდებულები წავედით სახლში“ - ამბობს ახლობელი.

მშობიარობიდან ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდა ქალის ოჯახს ექიმები უმალავდნენ, რომ ქალს არა ეძინა, არამედ კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ნემსაძეს მაიკოს ექიმი იყო მშობიარობას არ დასწრებია. პრეტენზია რომ გამოვთქვი რატომ არ ესწრებოდი მშობიარობას თქო. არ ვარ ვალდებული ყველას მშობიარობას დავეწსროო. ყველა მკვდარ ბავშვს ხომ არ აჩენს, ვალდებული როგორ არ იყავი მეთქი? მოკლედ მასთან საუბარში გამოიკვეთა, რომ პაციენტის მდგომარეობის შესახებ არაფერი იცოდა. მარწმუნებდა, რომ პაციენტს სძინავს და რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში ეძინება უკეთესი იქნებაო. გავგიჟდი, გაოგნებული ვიყავი. ბევრი ვიკამათეთ, მაგრამ რა აზრი ჰქონდა?“ - ამბობს მაიკოს ახლობელი.

ამ საუბრიდან რამდენიმე საათში პაციენტი დიღომში, ერთ-ერთ კლინიკაში, ტომოგრაფიაზე გადაიყვანეს.

„მამუკა ნემსაძემ დამირეკა და მითხრა, ძილის ფაზას გასცდა ეს ყველაფერი, კომატოზური მდგომარეობაა და კვლევებია საჭიროო. გავგიჟდი, თქვენ ხომ მითხარით რაც უფრო დიდხანს დაიძინებს უკეთესიაო? მოკლედ გადაიყვანეს ტომოგრტაფიაზე, პირველადმა დასკვნამ აჩვენა რომ პაციენტს ჰქონდა იშემიური ინსულტი, ყველაფერი იყო ძალიან რთულად. კლინიკაში მითხრეს, რომ კლინიკა „ღია გულში“ აღარ დააბრუნოთ პაციენტი, თორე მოგიკლავენ, სადმე სხვაგან გადაიყვანეთო. შოკში ვიყავით, კლინიკაში საკუთარი ფეხით მისული ადამიანი ამ მდგომარეობამდე რომ მიიყვანეს. რადგან დიღომში ვიყავით, ვიფიქრეთ რომ „ღუდუშაურის“ კლინიკაში გადაგვეყვანა. მამუკა ნემსაძე რამდენიმე წუთით გაუჩინარდა და რომ მოვიდა გვითხრა „ღუდუშაურის’ კლინიკამ პაციენტის მიღებაზე უარი განაცხადაო. ამიტომ ისევ წავიყვანოთ „ღია გულში“ და გავაგრძელოთ მედიკამენტოზური მკურნალობაო. იმ დროს სხვა გზა არ იყო. მივიყვანეთ ისევ „ღია გულში“, მაგრამ მამუკა ნემსაძეს ვუთხარი ახლავე დარეკე ლევან რატიანთან და მასთან გავაგრძელოთ მკურნალობა თქო. რატიანი დაგვთანხმდა პაციენტის მიღებაზე და გადავიყვანეთ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ - ამბობს ახლობელი.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტს გამოკვლევები ჩაუტარეს. ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ უმძიმესი სიტუაცია იყო და პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი იყო.

„ქირურგის თქმით, მას ერთადერთი რისი გაკეთებაც შეეძლო ეს იყო ქირურგიული ჩარევა. თავის ქალა უნდა გაეჭრათ და თავის ტვინის შეშუპება აღარ გაგრძელებულიყო, მაგრამ ექიმმა გვითხრა ტვინის ძირითადი ნაწილი არის შეშუპებული და რომც გადარჩეს პაციენტი ვერასოდეს გაივლისო. ჩაუტარდა ოპერაცია 6 ნოემბერს და მაიკო ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. გუშინ დაგვიკავშირდბნენ კლინიკიდან და შეგვატყობინეს, რომ პაციენტი გარდაიცვალა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 33 წლის ქალი ექიმების დაუდევრობით გარდაიცვალა. ახლა მიმდინარეობს გამოძიება და დიდი იმედი გვაქვს ყველა აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით,“ - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

ჩვენ დავუკავშიდით ექიმს, მამუკა ნემსაძეს და ვკითხეთ, რას უპასუხებდა გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის ახლობლების ბრალდებებს. როგორც ექიმმა გვითხრა, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს.