"დამადგა თავზე, ჩამომაგდო, კილომეტრ-ნახევარი 5 წლის ბავშვთან ერთად ფეხით გავიარე, ეს არის ადამიანობა და კანონი?" - რა უნდა იცოდეთ, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებით
ეს ერთ-ერთი განაწყენებული მგზავრის ჩანაწერია იმ უამრავ მოქალაქეს შორის, რომლებიც მუნიციპალური ტრანსპორტით, კერძოდ, ავტობუსით გადაადგილებისას, ხშირად ჩივიან კონტროლიორების მიერ გამოწერილ ჯარიმებსა და ვალიდატორების გაუმართაობაზე. ისინი ამბობენ, რომ გატარებულ ბარათს ვალიდატორი ხშირად არ კითხულობს ან ბილეთის აღებას მგზავრობის დასრულებამდე აპირებდნენ და არა ტრანსპორტში ასვლისთანავე, რის გამოც კონტროლიორები მათ დაუმსახურებლად აჯარიმებენ.
შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რა სახის ვალდებულებები აკისრიათ საქართველოს მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას?
პროცესს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არეგულირებს, სადაც ვკითხულობთ, რომ მგზავრს აქვს ვალდებულება, ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს მგზავრობის საფასური. შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს შეამოწმოს ტრანზაქცია და გადაუხდელობის შემთხვევაში დაატოვებინოს ტრანსპორტი.
მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებსაც უფლება აქვთ, უფასოდ იმგზავრონ, ხშირად ჩივიან ვალიდატორის- შესამოწმებელი ხელსაწყოს გაუმართაობაზე. მათი თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა ყოველ ჯერზე ატარებენ ბარათს, მაგრამ ვალიდატორი არ კითხულობს და ეკრანზე ჩნდება წარწერა – „უცნობი ბარათი“.