"მინიმუმ 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულებს შორის 3 ბავშვია" - იტალიაში, კუნძულ ისკიაზე, მეწყერი ჩამოწვა
იტალიის კუნძულ ისკიაზე, ქალაქ ლაკო ამენოში, კოკისპირული წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს მინიმუმ 7 ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 3 ბავშვია, მათ შორის, ერთი ახალშობილი.
კუნძულზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ათობით თანამშრომელი მუშაობს. მაშველების განცხადებით, ტალახის სიღრმე ზოგ ადგილას 6 მეტრს აღწევს. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
მომხდარის გამო იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ მინისტრთა კაბინეტის სხდომა გამართა და სტიქიის შემდეგ დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარების გაწევის უზრუნველსაყოფად განკარგულება გასცა. განკარგულება ითვალისწინებს პირველადი დახმარების პაკეტს 2 მილიონი ევროს ოდენობით და მოქალაქეებისთვის გადასახადების გადახდის წლის ბოლომდე შეჩერებას.