"გოგოს მამამ აღნიშნული რომ შეიტყო, შვილს სცემა" - 14 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო 25 წლამდე მამაკაცი დააკავეს, ასევე დაკავებულია მოზარდის მამა
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, 14 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო 25 წლამდე მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს. ასევე დაკავებულია გოგოს მამა და ბიძაშვილებიც, რომლებმაც მომხდარი შეიტყვეს და 25 წლამდე მამაკაცს ფაქტის გამო სცემეს.
AMBEBI.GE-ს ცნობით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, 14 წლის გოგონა ხელვაჩაურში ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში მუშაობდა.
"14 წლის გოგონა სარიტუალო დარბაზში იყო დასაქმებული. გვიან ღამით, სახლში მისვლა რომ დააგვიანდა, მშობლებმა მოიკითხეს. სარიტუალო დარბაზის მეპატრონემ მშობლებს განუცხადა, რომ 14 წლის თანამშრომელი გოგონა 22:00 საათზე სახლში წავიდა, თუმცა იგი ღამის 4 საათამდე სახლში არ დაბრუნებულა. ბავშვის ძებნის შემდეგ ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ 14 წლის გოგოს სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.
სავარაუდო მოძალადე 20 წელს გადაცილებულია. ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რამაც სექსუალური კავშირი დაადასტურა. 14 წლის გოგოს მამამ აღნიშნული რომ შეიტყო, შვილს სცემა. ასევე, მამამ გაარკვია სექსუალურ კავშირში მყოფი მამაკაცის ვინაობა და ფიზიკურად იმასაც გაუსწორდა, - მამა დაკავებულია. მომხდარი სამართალდამცველებს ბავშვმა შეატყობინა. როგორც ვიცით, ბავშვის ბიძაშვილებიც მივიდნენ 25 წლამდე მამაკაცთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ, სამართალდამცველებმა ბიძაშვილებიც დააკავეს. ამბავი წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ორივე მხარე ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებია" - განაცხადა ადგილობრივმა.