ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
წმინდა საკვირველმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარი ქრისტიანის ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით წმინდა გიორგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანების დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა.