"ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი, ეს არის ფარისევლობა, რაც თქვენ ახლა ჩაიდინეთ" - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ვაშაძის შეკითხვის შემდეგ
თქვენი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი. ეს არის ფარისევლობა, სიყალბე და ტყუილი, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატს, გიორგი ვაშაძეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შეურაცხყოფა მიაყენა.
„ჩვენ ახლა მოვისმინეთ ბატონი გიორგი ვაშაძის ემოციური გამოსვლა. არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი. ბატონო გიორგი, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი. ეს არის ფარისევლობა, სიყალბე და ტყუილი. ამას გარდა, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენს დეპუტატებს და ჩვენ ყველას. ამ დროს, რეალურად, მქონდა განცდა, რომ თქვენ საკუთარ თავზე საუბრობდით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.