"მესაკუთრეს შეუძლია ჩაწეროს, რომ ნებისმიერი ნივთი მის მფლობელობაში გადავა, თუ მდგმური ქირას არ გადაუხდის" - რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბინას ვაქირავებთ ან ვქირაობთ
"მესაკუთრეს შეუძლია ჩაწეროს, რომ ნებისმიერი ნივთი მესაკუთრის მფლობელობაში გადავა, თუ მდგმური ქირას არ გადაუხდის" - ამის შესახებ ადვოკატმა კახა კოჟორიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, კარგი იქნება, თავიდან ერთთვიანი კონტრაქტი გააფორმოთ და როცა ეს თვე გავა, არაკეთილსინდისიერი მდგმურის გამოსახლებაში უკვე შეიძლება პატრულიც ჩაერთოს.
"მათ შეუძლიათ, დავა მოლაპარაკების გზით გადაწყვიტონ - ეს ყველაზე იოლი გზაა. როცა დავა მოლაპარაკების გზით ვერ წყდება, მაშინ უკვე სასამართლოს უნდა მიმართოთ. ბინის მესაკუთრეებს ვურჩევ, წერილობითი ხელშეკრულება გააფორმონ და დამქირავებლის მიერ მათ ბინაში შეტანილი ნივთები გამოიყენონ, როგორც თანხის გადახდის საშუალება: დავუშვათ, დამქირავებელმა ტელევიზორი შეიძინა, ბინაში კომპიუტერი ან რაღაც ძვირფასი ნივთი შეიტანა.
კანონი იმასაც გვკარნახობს, რომ მეპატრონეს შეუძლია, წინასწარ გადაახდევინოს 3 თვის ქირა - ეს მას დააზღვევს, რომ არ დაზარალდეს. როცა დარწმუნდებით, რომ ბინა კეთილსინდისიერ ადამიანებს მიაქირავეთ, მერე ისეთ ხელშეკრულებას გააფორმებთ, როგორსაც საჭიროდ მიიჩნევთ", - ამბობს კახა კოჟორიძე.