"ეს არ არის უკრაინის ბრალი, რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა" - რას ამბობს ნატოს გენერალური მდივანი პოლონეთში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტზე?
"არ გვაქვს მინიშნება, რომ ეს წინასწარ განზრახული თავდასხმის შედეგი იყო", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი წინასწარი ანალიზის თანახმად, ინციდენტი, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული, რომელიც რუსული ფრთოსანი რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად, უკრაინის ტერიტორიის დასაცავად გაისროლეს. მაგრამ ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო, ეს არ არის უკრაინის ბრალი. რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა, რადგან ის აგრძელებს თავის უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ნატო ერთიანია და ალიანსი ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც აუცილებელია ყველა მოკავშირის დასაცავად.
ამასთან, ნატოს გენმდივნის თქმით, ალიანსს არ აქვს მინიშნება, რომ რუსეთი გეგმავს შეტევითი სამხედრო მოქმედებების განხორციელებას ნატოს მოკავშირეების წინააღმდეგ.