პოლონეთის საგარეო უწყება ადასტურებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ორი ადამიანის სიცოცხლე რუსული წარმოების რაკეტამ იმსხვერპლა და ვარშავაში რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.
უწყების ცნობით, რაკეტა სამშაბათს ნაშუადღევს, აღმოსავლეთ პოლონეთში მდებარე სოფელ ფშევოდუვში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 6 კილომეტრში ჩამოვარდა.
შეგახსენებთ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი აკვირდება ვითარებას და მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებენ. ინფორმაციას უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა” ვითარების ესკალაციის მიზნით.