2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში სიახლეებია
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში სიახლეები იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
როგორც NAEC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სიახლეები შეეხება ისტორიის, მათემატიკისა და უცხოური ენების ტესტებს.
„შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა საგანში გამოცდების შედეგების ფსიქომეტრიული და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საგამოცდო ტესტის ფორმატი ან მისი ცალკეული დავალებები პერიოდულად იცვლება. ამ სიახლეების მიზანია ტესტის უფრო მეტად დახვეწა. შარშან სიახლეები შეეხო ქართული ენისა და ლიტერატურის და გეოგრაფიის ტესტების ფორმატს. წელს გთავაზობთ სიახლეებს ისტორიის, მათემატიკისა და უცხოური ენის ტესტების ფორმატში.
ისტორიის ტესტი - 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტში არსებული №22, 23, 24 დავალებების ნაცვლად საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება ახალი ფორმატის დავალება, რომელიც იმავე უნარებს შეამოწმებს, რასაც ეს დავალებები ამოწმებდა. კერძოდ: ისტორიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების გამოვლენა; ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა; ისტორიული მოვლენების შეფასების უნარი; ისტორიული მოვლენების/ფაქტების კრიტიკული გააზრების უნარი; არგუმენტირებული მსჯელობის უნარი; შეფასების უნარი.
ამ შემთხვევაში საუბარია ტესტის განსხვავებული ფორმატისა და არა არსობრივ-შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებაზე, რაც უფრო მოქნილს, საინტერესოს და კომპლექსურს გახდის დავალებას. ერთ ისტორიულ მოვლენაზე ფოკუსირებულ აბიტურიენტს შეეძლება უფრო ვრცლად და არგუმენტირებულად იმსჯელოს მოცემულ თემატიკაზე და უკეთ გამოავლინოს ზემოთ ჩამოთვლილი უნარები.
ახალი ფორმატის დავალებაში მოცემულია დავალების პირობა, რომელსაც აბიტურიენტები გულდასმით უნდა გაეცნონ, შემდეგ კი ქვეკითხვების მიხედვით უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები წარმოდგენილ თემაზე. დავალება 6-ქულიანია. ტესტის მაქსიმალური ქულა არ შეიცვლება (60). საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კვლავ 2 საათი და 40 წუთი იქნება.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
NAEC-ი ისტორიის ტესტის დავალების ნიმუშსაც აქვეყნებს.
“1642 წელს ინგლისის მეფე ჩარლზ I-მა ლონდონი დატოვა. დაიწყო ომი მეფესა და პარლამენტს შორის".