loader

"ფარულად ჩავწერეთ, სადაც აღწერდა, როგორ მოკლა ჯერ მამა, მერე დედა" - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფარულად ჩავწერეთ, სადაც აღწერდა, როგორ მოკლა ჯერ მამა, მერე დედა" - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახა მურადაშვილის განცხადებით, მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა გამოძიების ეტაპზე დანაშაული დეტალურად აღიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით მურადაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის მოწმის სახით დაიკითხა.

„27 აპრილი იყო, როცა დანაშაული მოხდა. დღის ბოლო, გვიანი საათები იყო, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოცხადდა შვილი. მას გავესაუბრე, დეტალებს ამბობდა კონკრეტული დანაშაულის შესახებ. პატაკით მივმართე ხელმძღვანელს, რომ მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება განხორციელებულიყო ჩემი მონაწილეობით, რათა ეს ინფორმაცია დაფიქსირებულიყო. ის უარზე იყო, მოწმის სახით ჩვენება მიეცა. განხორციელდა ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა, მას გავესაუბრე, დეტალურად აღწერა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, რაც შესაბამისი ტექნიკური საშუალებით ჩაწერილია. დეტალურად აღწერდა ყველაფერს, როგორ მოკლა ჯერ მამა, მერე დედა და როგორ ცდილობდა ალიბის შექმნას", - განაცხადა მურადაშვილმა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კითხვებით თავად ბრალდებულმაც მიმართა. ბეროზაშვილმა პოლიციის მაღალჩინოსანს ჰკითხა, სად შეხვდა მას, ასევე შემთხვევის ადგილზე მისი ყოფნა იცოდნენ თუ არა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა.

ამ წუთებში სასამართლოში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილთან განხორციელებულ ფარულ აუდიო-ვიდეომასალას აჩვენებენ, სადაც ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დეტალურად ჰყვება.

ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მიმდინარე წლის 27 აპრილს ხანძარი გაჩნდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ დახოცა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების - ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.