“ყველა ჩუმად არის და ერთნაირად ფიქრობს: მე არ შემეხება, ომი სადღაც აფხაზეთსა და ოსეთშია - ეს ქართველების პრობლემაა, სადღაც ყირიმსა და დონბასშია - ეს უკრაინელების პრობლემაა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
ორი დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში 30-ზე მეტი კამიკაძე დრონი გაუშვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, აგრესორი აგრძელებს ტერორს. ორ დღეში 30-ზე მეტი დრონი გამოუშვეს. ჩვენმა ცის დამცველებმა 23 Shahed-ი გაანადგურეს. გარდა ამისა, ჯართად გადაიქცა X-59 ტიპის მართვადი რაკეტა, K-52 ტიპის ორი ვერტმფრენი და კიდევ ერთი Su-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 4 500 სარაკეტო დარტყმა განახორციელა და 8 000 ავიაიერიში მიიტანა.
“ბოროტება, რომელიც თითქოს საბოლოოდ დამარცხდა 1945 წელს, 80 წლის შემდეგ ხელახლა იბადება ფერფლიდან. როგორ? შეუმჩნევლად. თანაც ძალიან სწრაფად. როგორც ერთი დღე ცვლის მეორეს. მომენტალურად. მყისიერად მოდის ახალი დღე და ახალი ბოროტება. სწორედ იმ მომენტში, როცა სამყარო ვერ ამჩნევს. ზოგს ეძინება, ზოგს ღრმად სძინავს; ზოგი ყურადღებას არ აქცევს, ზოგს არ აინტერესებს და ზოგადად, ყველა ჩუმად არის და ერთნაირად ფიქრობს: მე არ შემეხება. ომი სადღაც შორსაა, სადღაც დნესტრისპირეთში - ეს მოლდოველების პრობლემაა; სადღაც აფხაზეთსა და ოსეთშია - ეს ქართველების პრობლემაა; სადღაც ყირიმსა და დონბასშია - ეს უკრაინელების პრობლემაა. ჩვენ არ შეგვეხება, არ დაგვაზარალებს, ჩვენთან არ მოვლენ. სამწუხაროდ, შედეგად, ეს ყველას პრობლემა ხდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.