აუზის მწვრთნელის კიდევ ერთი სკანდალური განცხადება - "მითხრა, რომ მას ვერავინ შეეხებოდა, რადგან კალაძის ცოლისძმის ბავშვობის მეგობარი და ნათელ-მირონია"
მწვრთნელი ნინო ქავზინაძე მერიის აუზის, "იმედის" დირექციის კახა კალაძის ცოლისძმასთან კავშირზე საუბრობს.
"ლაშა ბრეგვაძემ მითხრა, რომ მას ვერავინ შეეხებოდა, რადგან კალაძის ცოლის ძმის ბავშვობის მეგობარი და ნათელ-მირონია. მეორედ რომ მოვიწამლე, ვუთხარი, რომ 8 წელია აქ ვმუშაობ და ასეთი რამ არ მომხდარა და მიექციათ ყურადღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გიჩივლებ და გაგატელევიზორებ-მეთქი და მაშინ ახსენა ეს, რომ მას არავინ შეეხებოდა" - ამბობს მწვრთნელი.
თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ აუზზე ბავშვების მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.
მისივე თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, რომ „თითქოს ბავშვებმა აუზში ინტოქსიკაცია მიიღეს“ აუზის წყლის ტესტირება ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ქლორი და Ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ამასთან, კახა კალაძის თქმით, დამატებით ორი კომპლექსური კვლევა ჩატარდა, რომელიც ადასტურებს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ნორმაშია.
დედაქალაქის მერის თქმით, სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით, ამ დღეების განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში არც ერთი ბავშვი არ იმყოფებოდა, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო.
როგორც კალაძემ აღნიშნა, აუზის რამდენიმე თანამშრომელმა მიზანმიმართულად გაავრცელა სიცრუე და შეეცადა ადამიანები შეცდომაში შეეყვანა.
ვიდეო: "მთავარი არხი"