"მე თუ მოვკვდი, მერე არ მჭირდება თქვენგან არაფერი..." - უკრაინაში მებრძოლი ქართველის ემოციური მიმართვა საზოგადოებას
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში წერს:
"თურმე უნდა დაიღუპო, რომ ადამიანებმა შენზე კარგი თქვან, გაქონ და გადიდონ, თურმე რა კარგი ყოფილა, თურმე რა დავკარგეთ, თურმე ქვეყანას რამხელა პატრიოტი, გმირი დააკლდა, თურმე ეს საშინელი დანაკარგია. კიი, მართლა ასეა, ეს ძალიან დიდი დანაკარგია. ეს აუწონელი დანაკარგია. იმ 22 გმირის წასვლა ამ ქვეყნიდან საშინელი დანაკარგია. ალბათ ჩემზეც ასე იტყვიან, თუ რამე...
მაგრამ არა, მე არ გათქმევინებთ ჩემზე ამას, რადგან არ მოვკვდები. ეს ცოტა ისე, ჩემზე იუმორით, თორემ უფლის ნებაა ყველაფერი. ხომ არ სჯობს, სანამ ცოცხლები ვართ, მანამ ვუთხრათ იმაზე მეტი თბილი, ტკბილი, ლამაზი სიტყვები ერთმანეთს, ვიდრე სიკვდილის შემდეგ? იქნებ სანამ ვართ, მანამ არ ვატკინოთ ერთმანეთს, იქნებ ვაპატიოთ ერთმანეთს რაღაც შეცდომები, გადაცდომები, ვინმე ნაძირლის გამო, რომელიც ყოველთვის გამოგვერევა ხოლმე. სხვას არ ვაწყენინოთ და არ გავრიყოთ. იქნებ სხვისი არა, მაგრამ ჩემი შეცდომაც მაპატიოთ, რადგან არ ვარ ანგელოზი და ვუშვებ შეცდომებს. რადგან არც თქვენ ხართ ანგელოზები და თქვენც უშვებთ შეცდომებს. მაგრამ მხოლოდ ჩემს შეცდომებს ხედავთ და უმეტესობას საკუთარი თავი ფრთიანი ანგელოზი გგონიათ. არასდროს გიფიქრიათ, რომ მარტო მე არ ვარ ცოდვიანი და თქვენც ხართ? როგორც კი რაღაც ადამიანურ სისუტეს დაინახავთ სხვაში, უნდა დაესხათ თავს და საქმედ აქციოთ სხვისი სისუსტე და აალაპარაკოთ თითები კლავიატურაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი თქვენნაირი აიყოლიოთ? მოდით, დავფიქრდეთ. დამიჯერეთ, თუ ვიფიქრებთ დღეს, სიცოცხლეში დღის განმავლობაში რამდენს ვაწყენინეთ, განვსაჯეთ, გავჭორეთ, ვატკინეთ, შევაგინეთ, ვცემეთ, მოვკალით - თუ დღის ბოლოს ძალიან ვიფიქრებთ, ის დღე შეგვეზიზღება და საკუთარი თავი შეგვეზიზღება. თუ რა თქმა უნდა ადამიანი ხარ, არაადამიანებზე არ ვსაუბრობ. შეგეზიზღება და ამას მეორე დღეს თუ აღარ გააკეთებ საერთოდ, შეამცირებ, კიდე იფიქრებ იმ შემცირებულზე და კიდევ შეამცირებ. კიდე, კიდე და ასე ნელა-ნელა აღარ გააკეთებ იმას, რაც საკუთარ თავს შეგაზიზღებს, და აჰაა, აეწყობა ყველაფერი. ვიქნებით საზოგადოება ისეთი, როგორიც ადამიანებს შეეფერება.
დღეს იმ აწ გარდაცვლილ გმირს ვუყურებდი პროზექტურაში, სხეულიდან აღარაფერი დარჩა, სული ზეცაში გაემგზავრა და ტკივილმა მომკლა სულიერად. ვკითხულობ ეს დღეები მის საქებარ სიტყვებს და ვფიქრობ - ასე სიცოცხლეში რომ დავაფასოთ ერთმანეთი, არც ეს ომი იქნებოდა და არც ასე ადრე არ მოუწევდა ჩვენგან, ცოდვილებისგან გაქცევა, არც იმ ომში ჯერ და მერე ამ ქვეყნიდან საერთოდ. ამას მე ვამბობ. დანარჩენზე ვიფიქროთ, რადგან კარგად ფიქრი აუცილებელია ყოველი დღის ბოლოს.
მაპატიეთ ემოციური წერილისთვის, ვიცი, ბევრს მოხვდება გულზე და ვისაც მოხვდება, ზუსტად მათზე ვსაუბრობ და არა ყველაზე.
პ.ს.ს: ცნობისათვის, მე არც ფული მაკლდა და არც მომაკლდებოდა, არც კარგი დროს ტარება საშუალოზე მაღალ დონეზე, წავიდოდი სადმე ამ ზამთარში თბილ ქვეყანაში ზღვაზე პლაჟზე და იქ გავატარებდი ზამთარს, მით უმეტეს, სიცივეს ვერ ვიტან, მაგრამ ამ სიცივეში წამოვედი მაინც. იცით რატომ? პირველ რიგში იდეის, ჩემი ქვეყნის სიყვარულის და გადარჩენის გამო. მეორე, უკუღმართობას ადამიანების უმადურობას, დაუნახაობას და ბოროტებას გამოვექეცი. მოდით, სიცოცხლეში დავაფასოთ ერთმანეთი და ძალიან ბევრი ვეფეროთ ერთმანეთს. მე თუ მოვკვდი, მერე არ მჭირდება თქვენგან არაფერი. და თუ რამეს იტყვით კარგს ჩემზე, მას ჩემთვის კი არ ამბობთ, არა, ამას მხოლოდ თქვენთვის, საკუთარი თავისთვის ამბობთ და აკეთებთ. ასეა ეს!"