loader

აშშ-ის, ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო მინისტრები "ბინძური ბომბის" შესახებ სერგეი შოიგუს განცხადებას ეხმაურებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ის, ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო მინისტრები "ბინძური ბომბის" შესახებ სერგეი შოიგუს განცხადებას ეხმაურებიან

აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უარყოფენ რუსეთის ცრუ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს.

“ჩვენ, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები, ვიმეორებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის მუდმივი აგრესიის ფონზე. გავაგრძელებთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინის ძალისხმევას, დაიცვას თავისი ტერიტორია, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

თითოეული ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მისივე თხოვნით ესაუბრა. ჩვენმა ქვეყნებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ყველანი უარვყოფთ რუსეთის ცხადად ცრუ ბრალდებებს, რომ უკრაინა ემზადება საკუთარ ტერიტორიაზე ბინძური ბომბის გამოსაყენებლად. მსოფლიო დაინახავს ამ ბრალდების ესკალაციის საბაბად გამოყენების ნებისმიერ მცდელობას. ჩვენ ასევე უარვყოფთ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ნებისმიერ საბაბს“, - აცხადებენ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა ომში „ბინძური ბომბით“ პროვოკაციას გეგმავს. მანამდე რუსულმა სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინა სავარაუდოდ ამზადებს პროვოკაციას „ბინძური ბომბის“ (დაბალი წარმადობის ბირთვული იარაღის) აფეთქებით, შემდეგ კი აპირებს ამაში რუსეთის დადანაშაულებას. რუსული მედიის განმარტებით, „ბინძური ბომბი“ რადიოლოგიური იარაღის უმარტივესი ვერსიაა და ასეთი ბომბის აფეთქების შედეგად, მთავარი ზიანი არა აფეთქებას, არამედ რადიოაქტიური მასალის გაფრქვევას მოაქვს.