loader

"შადრევნის პროექტი შეცვლილია" - რას პასუხობს თბილისის მერია ვაკის პარკის შადრევნის პროექტის ავტორს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შადრევნის პროექტი შეცვლილია" - რას პასუხობს თბილისის მერია ვაკის პარკის შადრევნის პროექტის ავტორს

"ვაკის პარკის შადრევნის პროექტი შეცვლილია, ჩვენ ტუმბოები გარეთ გვქონდა" - ამის შესახებ ვაკის პარკის შადრევნის პროექტის ავტორი კომპანია "ელ-ემ-სის" წარმომადგენელმა შალვა ქურიძემ "ტვ პირველს" განუცხადა.

აღნიშნულს თბილისის მერია გამოეხმაურა.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ შპს „ელ-ემ-სის“ წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მათ მიერ წარდგენილ პროექტში ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გამოტანილი და რომ პროექტი მათთვის გაუგებარი მიზეზით არის შეცვლილი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შპს „ელ-ემ-სის“ მიერ წარმოდგენილ პროექტში გარკვევით არის აღნიშნული:

„ჰორიზონტალური-ჩაძირული ტუმბო მრგვალი შადრევნისთვის“. პროექტში ასევე მითითებულია დანადგარის ტექნიკური მონაცემები. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, თბილისის მერიის, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მჭიდროდ თანამშრომლობენ საგამოძიებო უწყებასთან და მზად არიან, პასუხი გასცენ ყველა შეკითხვას. ასევე, პასუხი აგონ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა გადაცდომას.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 18 მაისს, ტენდერის შესაბამისად, გააფორმა ხელშეკრულება შპს „ელ-ემ-სისთან“, რომლის მიზანი იყო ვაკის პარკში არსებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

ვიდეო: "ტვ პირველი"