ემოციური კადრები - როგორ გააცილეს 13 წლის მარიტა "მზიურის" კორტებიდან?
13 წლის მარიტა მეფარიშვილის ცხედარი "მზიურის" კორტებიდან ტაშით გააცილეს. ის საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე, გარდაცვლილი მოზარდი ვაკის სამების ტაძარში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
მარიტა მეფარიშვილი ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო. როგორც ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა, მოზარდი სკოლის შემდეგ ყველაზე დიდ დროს კორტებზე ატარებდა.
ოჯახს მიუსამძიმრეს პოლიტიკოსებმა მმართველი გუნდიდან და ოპოზიციიდან. პანაშვიდზე მივიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შსს-ს განმარტებით, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.