ვინ არის ქალი, რომელმაც ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ მოზარდს პირველადი დახმარება გაუწია
ქალი, რომელმაც ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ მოზარდს, 13 წლის ლაზარეს, პირველადი დახმარება გაუწია, ექიმი მეგი ბანცაძეა.
"ლაზარეს გავუწიე პირველადი დახმარება... უკვე რომ მივიღე პულსი, სასწრაფოს მანქანაში ჩავსვით და იმედიანად გავუშვით", - ამბობს მეგი ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც გლდანის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში წერს, მეგი ბანცაძე ფაქტს ადგილზე შემთხვევით შეესწრო.
"ეს გოგო, იცით, ვინ არის?! ჩვენი დროის გმირი მეგი ბანცაძე! შემთხვევითი გამვლელი, ვინც ჩვენს ლაზარეს პირველადი დახმარება გაუწია, გული აუმუშავა სასწრაფოს მისვლამდე და ფაქტიურად გადაარჩინა", - წერს კონსტანტინე ზარნაძე.
ვაკის პარკის შადრევანში დაშავებული ბავშვის დედა ექიმთან ერთად, რომელმაც მოზარდს პირველი დახმარება აღმოუჩინა...
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.