როგორია ვაკის პარკში დაშავებული მოზარდის მდგომარეობა? - "ისევ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა"
"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაშია. მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
"გამოკვლეულია გული, გამოკვლეულია ტვინი, გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ენცეფალოგრამა. მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება მონიტორული მეთვალყურეობის ქვეშ, არის ისევ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მინიმუმ 24 საათი უნდა გავიდეს პირველი გართულებების თავიდან ასაცილებლად და 72 საათის შემდეგ უფრო თამამად შემიძლია პროგნოზზე ვისაუბრო" - ამბობს დავით ციბაძე. იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ კიდევ ერთ მოზარდს. მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვიდეო: "მთავარი არხი".