"საქართველოში პირველად ხდება, ასეთი სიტუაცია სხვა დროს არ ყოფილა" - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ ბინის დაქირავებას აპირებთ!
ტატო ტარიელაშვილი უძრავი ქონების აგენტია. წლებია ამ სფეროშია დასაქმებული, თუმცა ბინის გაქირავებაზე ასეთი მაღალი მოთხოვნა სხვა წლებში არ ყოფილა. ამბობს, რომ დღეში ასეულობით ადამიანი უკავშირდება, თუმცა მათ უმრავლესობას უარით ისტუმრებს.
საქართველოში, განსაკუთრებით კი, თბილისში, ბინებზე მოთხოვნა იმდენად გაზრდილია, რომ მიწოდებას ვეღარ აბალანსებს. ასეთი ვითარება ქვეყანაში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა, რაც დღემდე გრძელდება. მიგრაციის მორიგმა ტალღამ და ახალი სასწავლო წლის დაწყებამ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაზარდა. შესაბამისად, მომატებულია ღირებულებაც. ტატო ამბობს, რომ წელს ბინის დაქირავება განსაკუთრებით სტუდენტებს გაუჭირდათ.