"საქმე აღიძრა" - რა განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მომხდარ ინციდენტზე ვახტანგ გომელაურმა?
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რამე ახალი დეტალი გამოიკვეთება, საზოგადოებას ეცნობება.
„ამ ფაქტზე საქმე აღიძრა, როგორც პრაქტიკაში გვაქვს, ყველაფერს გავაკეთებთ. ვმუშაობთ და თუ რამე გამოიკვეთება აუცილებლად გაცნობებთ. გამოძიება დაიწყო“, -განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრ გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.
კერძოდ, პარტიის ცნობით, გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და „შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა“, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს.
პარტიის ინფორმაციით, ტვ პირველის „ნოდარ მელაძის შაბათის“ გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუს-ის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებულ იქნა საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. საკითხის გარკვევის მიზნით მასთან და მისი გუნდის წევრებთან მოხდა კომუნიკაცია.